პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ალავერდის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
”სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის საკათედრო ტაძრის აღდგენის სამუშაოებს გავეცანი.
სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა მომაწოდეს.
ალავერდის ეპარქიისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შეთანხმებით, ამ ეტაპზე ტაძრის გუმბათის ირგვლივ ხარაჩოს აგება მიმდინარეობს, რის შემდეგაც სპეციალისტები გუმბათის რესტავრაციას დაიწყებენ.
სტიქიით გამოწვეული ზიანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფმა შეაფასა. ძლიერი ქარის შედეგად, გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ალავერდის საკათედრო ტაძარი საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყველაზე მაღალი ეკლესიაა.”