სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაჭრილ „გლოვოს“ კურიერს, თემო სიგუას ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდება.
როგორც ჟურნალისტებს დედამისმა განუცხადა, ტერფის აღდგენის ოპერაცია დღეს ან ხვალ ჩატარდება.
„ორივე ფეხი აქვს საოპერაციო, ძვლები დამსხვრეული აქვს. როგორც ვიცოდი, აღდგენა შესაძლებელი იყო, მაგრამ როგორც ჩემმა შვილმა მითხრა, ექიმს უთქვამს ვერ ავაწყობთ და თითების ამპუტაცია იქნება საჭიროო“, – აცხადებს დაჭრილის მშობელი.
მან ასევე დაჭრის მომენტზე ისაუბრა.
„ოთხნი კი ჩამოვიდნენ, მაგრამ ერთთან ჰქონდა კამათი. იარაღი ამოიღო და უცებ მესროლაო. ერთი პირიქით, მე ამომიდგა, მოტოზე დამსვა და მითხრა გააღწიე აქედანო“, – ამბობს დაჭრილი კურიერის დედა.
თემო სიგუას მკურნალი ექიმის ინფორმაციით, პაციენტს ამჟამად ოპერაციისთვის ამზადებენ. როგორც ექიმი აღნიშნავს, მას წინასაოპერაციო კვლევები უტარდება და სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ ტერფის რეკონსტრუქციული ოპერაცია გაუკეთდება.