კლიმატის დამცველთა საპროტესტო აქციის ორი მონაწილე დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ 2022 წელს მათ, ლონდონის ეროვნულ გალერეაში, ვინსენტ ვან გოგის ნახატს „მზესუმზირები“ ტომატის წვენი გადაასხეს. გარემოს დამცველთა ორგანიზაცია Just Stop Oil-ის აქტივისტებს, ანა ჰოლანდს და ფიბი პლამერს, რომლებიც 22 წლის არიან, ბრიტანეთის დედაქალაქის საუთვარკის სამეფო სასამართლომ „დანაშაულებრივი ზიანის მიყენებაში“ დასდო ბრალი. 2022 წლის ოქტომბერში მომხდარ ინციდენტში მონაწილე წყვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. აქტივისტების ჯგუფმა, რომელიც ნავთობისა და გაზის მოპოვებისა და მოხმარების შეწყვეტას ითხოვს, ბოლო წლებში არაერთი გახმაურებული აქცია გამართა.
არც თუ შორეულ წარსულში, Just Stop Oil-ის აქტივისტების სამიზნედ იქცა უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირი და გოლფში ბრიტანეთის ღია ჩემპიონატი, ასევე სამხატვრო გალერეები, მუზეუმები და სპექტაკლი „Les Misérables“. ამ ოთხშაბათს კი, მას შემდეგ, რაც კლიმატის დამცველთა ჯგუფმა ევროპის აეროპორტებში კოორდინირებული აქცია გამართა, ლონდონის ჰითროუს აეროპორტში სამართალდამცველებმა მისი რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ასევე გასულ კვირას, Just Stop Oil-ის ხუთ აქტივისტს, მათ შორის კლიმატის დამცველთა ჯგუფის დამფუძნებელს, ოთხიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დიდ ბრიტანეთში საპროტესტო აქციების დაგეგმვისთვის, რომლის ფარგლებშიც ავტომაგისტრალი გადაიკეტა. თავის მხრივ, Just Stop Oil ამტკიცებს, რომ კლიმატის ცვლილება კაცობრიობისთვის ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს და ამდენად, აქტივისტების ასეთი ტაქტიკა გამართლებულია.
ტრაფალგარის მოედანზე მდებარე გალერეის წარმომადგენელთა თქმით, ვან გოგის ნახატი „მზესუმზირები“ ეკრანით იყო დაცული და მხოლოდ ჩარჩო დაზიანდა. პროტესტის დროს, ჰოლანდი და პლამერი გალერეის კედელს თავად მიეჯაჭვნენ. „რა არის უფრო ღირებული – ხელოვნება თუ სიცოცხლე?“, – ყვიროდა პლამერი. მანამდე, 2022 წლის ივლისში, Just Stop Oil-ის აქტივისტები ეროვნულ გალერეაში ასევე მიეჯაჭვნენ ჯონ კონსტებლის პასტორალურ შედევრს, „თიბვა“.
ჰოლანდი და პლამერი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და სექტემბერში გაასამართლებენ.