ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, რაც ევროკავშირის მიმართ ქართველი საზოგადოების ნდობას აზიანებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ორმაგ სტანდარტებთან ერთად, საქართველოს მოსახლეობას ბრიუსელისგან არაერთხელ უნახავს სიცრუეც, მათ შორის მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეების „კამიტით“ მოწამვლა დააბრალეს.
„ეს არის აბსოლუტური უსტანდარტობა, როდესაც მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი ევროპაში სისხლის სამართლის დამნაშავეა, რაც, რა თქმა უნდა, ასეც არის, საქართველოში კი თავისუფლებისთვის მებრძოლია. თავად ბრიუსელის ყველაზე მოვლილი ფონდი, რომელიც ევროკავშირისგან ფინანსდება, აფინანსებდა იმ „სამართლიან“ კამპანიას – „მე ვისროლე“, რათა მეტი ადამიანისთვის მიეცათ მოტივაცია, გამოეყენებინათ მოლოტოვის კოქტეილი.
ასეთი ორმაგი სტანდარტი უამრავი ვიხილეთ. ვიხილეთ უამრავი სიცრუეც. ბოლოს და ბოლოს „კამიტით“, პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური ნივთიერებით, ჩვენი მოსახლეობის მოწამვლა დაგვაბრალეს, მაშინ, როდესაც მხოლოდ თუთიყუში აღმოჩნდა მოწამლული.
ეს არის ძალიან უზნეო ქცევა, რაც მათივე რეპუტაციას ლახავს ჩვენი მოქალაქეების თვალში. ევროკავშირის მიმართ განწყობები საგრძნობლად არის შეცვლილი, რაც ძალიან სამწუხაროა და ბრიუსელის მმართველი ელიტის უგუნური პოლიტიკით არის გამოწვეული“, — განაცხადა მაჭავარიანმა.
დეპუტატის თქმით, გამჭვირვალობის კანონი საქართველოს შემდეგ საფრანგეთმაც მიიღო და მოგვიანებით გაამკაცრა. მისივე განცხადებით, დღეს ყველა საუბრობს იმაზე, რომ თითოეულმა ქვეყანამ კანონმდებლობით უნდა დაიცვას თავი გარე ჩარევისგან.
„გარე ძალებს არ აწყობდათ, როდესაც ჩვენ ამ კანონს ვიღებდით. ერთი მარტივი მიზეზით, როგორც რადიკალური, აგენტურული პარტიები არიან მთლიანად მათი კონტროლის ქვეშ, ზუსტად ანალოგიურად არიან ნინო ლომჯარია და ეკა გიგაური. ეს მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციებიც მათი კონტროლის ქვეშ არიან. ფულსაც ისინი უხდიან და დავალებებსაც ისინი აძლევენ.
ამიტომ არავის აწყობდა, რომ გამომჟღავნებულიყო, რაში აძლევდნენ ფულს. შესაბამისად, სწორედ ამიტომ იყო ის სამარცხვინო კამპანია, რომელსაც „რუსული“ დაარქვეს. ახლა ყველა ხვდება, რომ ეს იყო აფერა და ამანაც, თავის მხრივ, ბრიუსელის რეპუტაცია შელახა ნდობის თვალსაზრისით“, — აღნიშნა მაჭავარიანმა.
