პოლონეთის მთავრობაში კრიზისი შეიქმნა. მმართველ კოალიციაში შემავალმა „სახალხო პარტიამ“, ოპოზიციის მსგავსად, სეიმში ხმა არ მისცა აბორტის ლიბერალიზაციას, რასაც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის კაბინეტში შემავალი დანარჩენი პარტიები ითხოვდნენ. ზოგიერთი პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ ბოლოდროინდელმა უთანხმოებამ შეიძლება ეს შედარებით ნაკლებად გავლენიანი კოალიციური პარტნიორი მთავრობის მიღმა დატოვოს. თუმცა, თავად პოლიტიკოსები მსგავს სცენარს გამორიცხავენ.
ზაფხულის ერთ-ერთი საკვანძო კენჭისყრის დროს, პოლონეთის „სახალხო პარტია“ ოპოზიციურ პარტია „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) გვერდით დადგა და ხმა არ მისცა კანონპროექტს, რომელიც აბორტის გამკეთებელ ექიმებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებდა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ქუჩებში საპროტესტო აქციები გამართეს ქალებმა, რომლებიც ხელისუფლებისგან ერთიანობას ელოდნენ. „მე კარგად მესმის ამ ქალების რისხვა, რადგან მეც იგივეს ვგრძნობ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
„მათ კარგად იცოდნენ, ვისთან შედიოდნენ კოალიციაში. ახლა არ დაიწყოთ, რომ შუა საუკუნეებში ვართ ჩარჩენილი. სეიმის დეპუტატების უმრავლესობამ იგივე გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი. გამოდის, რომ პოლონელების უმრავლესობაც შუა საუკუნეებშია ჩარჩენილი?“, – აცხადებს პოლონეთის „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში.
ამჟამად პოლონეთში აბორტი დაშვებულია მხოლოდ გაუპატიურების ან დედის სიცოცხლისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში. ამრიგად, აბორტი, დე-ფაქტო, აკრძალულია ორსულობის შემთხვევების 90 პროცენტის დროს. „სახალხო პარტიას“ აბორტის მხოლოდ ნაწილობრივი ლიბერალიზაცია სურს და ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. მაგრამ მმართველი კოალიციის დანარჩენი წევრები ასეთ მიდგომას არ ეთანხმებიან.
პოლიტოლოგები: ხელისუფლებიდან მემარცხენეების გასვლა თამაშშია
„აბორტები ორსულობის მეთორმეტე კვირამდე მიზეზის მითითების გარეშე უნდა იყოს ხელმისაწვდომი“, – ამბობს მემარცხენე პარტიის წევრი კატარჟინა კოტულოვა. სწორედ მისი პარტია ცდილობს, აბორტების საკითხი დღის წესრიგში დარჩეს და განსახილველად სეიმში დაბრუნდეს.
პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, „სახალხო პარტიის“ მიერ კოალიციიდან გასვლა და ხელისუფლების დატოვება, შესაძლოა, თამაშშიც კი იყოს – ამ შემთხვევაში, მთავრობის კაბინეტი უმრავლესობას დაკარგავს. „ამასთან, მთავრობიდან გასვლა გაუგებარი იქნება მემარცხენე ამომრჩევლებისთვისაც, რომლებიც PiS-ს აკრიტიკებენ“, – აცხადებს ვარშავის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი, რაფალ ხვედორუკი.
თუმცა, კოალიციაში კამათის საგანია არა მხოლოდ აბორტის თემა, არამედ ჯანმრთელობის დაზღვევის, საგადასახადო წესების და აღმოსავლეთ საზღვრის დაცვის საკითხებიც. მაგალითად, კამათს იწვევს „სახალხო პარტიის“ წინადადება, რომ საზღვარზე მიგრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლების მინიჭების გზით, ჯარისკაცების სამართლებრივი დაცვა გაძლიერდეს. კოალიციის სხვა წევრები „სახალხო პარტიის“ ამ პოზიციას არ ეთანხმებიან და მას ხალხისთვის ცეცხლის გახსნის უფლების დაკანონებად მიიჩნევენ.