თავდაცვის სამინისტრო ე.წ. აქტიური სარეზერვო სამსახურის შემოღებას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აქტიური სარეზერვო სამსახური სამი კომპონენტისგან იქნება შემდგარი. ეს არის: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. სამივე ტიპის რეზერვს თავისი სპეციფიკური დანიშნულება ექნება.
”თავდაცვის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს სამხედრო რეზერვის კონცეფციის შემუშავებაზე. ამ პროცესში ყველა სტრუქტურული ერთეულია ჩართული: გენერალური შტაბი, ეროვნული გვარდია და სამოქალაქო ოფისი. კონცეფციის პროექტი უკვე წარვუდგინეთ ექსპერტებს. გავითვალისწინეთ რიგი შენიშვნები და წინადადებები. გვსურს, პროექტი განვიხილოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან და მოვისმინოთ დეპუტატების პოზიცია”, – განუცხადა ჟურნალისტებს ნუკრი გელაშვილმა.
სამხედრო რეზერვის კონცეფცია შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებებს გამოიწვევს.