„დაკავებები სულ უფრო მატულობს“, – ამბობს სუდურნესის (Suðurnes) მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსი, ულფარ ლურვიქსონი. 2022 წელს მიღებული „უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ“ კანონის საფუძველზე, პოლიციამ ისლანდიის გარე და შიდა საზღვრებიდან 581 ადამიანის დეპორტირება მოახდინა. ეს რიცხვი 2010-დან 2022 წლამდე პერიოდში დეპორტირებულთა საერთო რაოდენობას აღემატება. ულფარი ამბობს, რომ ამის ახსნა მარტივია – უბრალოდ, ქვეყანაში შემოსულთა მიმართ აქცენტი შეიცვალა.
დარჩენისთვის საკმარისი სახსრები არ აქვთ
დეპორტაცია „უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ“ კანონის საფუძველზე ხორციელდება. პოლიციას უფლება აქვს, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაცია ისლანდიაში მათი ჩასვლისთანავე მოახდინოს, თუ ისინი ვერ აკმაყოფილებენ შესვლის ნებართვის მოთხოვნებს, ვერ ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლის დეკლარირებულ მიზანს, არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსური რესურსები ისლანდიაში საცხოვრებლად და სახლში დასაბრუნებლად, ან თუ ეს აუცილებელია – საზოგადოებრივი წესრიგის, ეროვნული და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზეზების გამო.
არასასურველი ადამიანების კატეგორია
„ესენი არასასურველი ხალხია“, – აცხადებს ულფარი. მისივე განმარტებით, პოლიცია ისლანდიიდან აძევებს ადამიანებს, რომლებიც ვერ ასაბუთებენ, რომ ქვეყანაში ე.წ. „ლეგიტიმური მიზნით“ ჩამოვიდნენ. კანონის თანახმად კი, ამ ხალხმა უნდა დაამტკიცოს, რომ ისლანდიაში სამოგზაუროდ არიან და საკუთარი თავის უზრუნველყოფა შეუძლიათ. პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაძევებული ადამიანების უმეტესობა ისლანდიაში არალეგალურად მუშაობას ან კრიმინალურ საქმიანობაში ჩაბმას აპირებდა.
პროსტიტუცია და დანშაულებრივი დაჯგუფებები
„ეს ის ხალხია, ვინც შეიძლება კრიმინალურ ჯგუფებთან იყოს დაკავშირებული. ჩვენ ვაკავებთ მათ, ვინც პროსტიტუციას აპირებს“, – აცხადებს ულფარი. კითხვაზე, სანდოა თუ არა მისი წყაროები, ის დადებითად პასუხობს.
„ჩვენ ძალიან ბევრ ასეთ საქმეზე ვიმუშავეთ“, – განაგრძობს პოლიციის უფროსი და იხსენებს შემთხვევებს, როდესაც დეპორტირებულები ისლანდიაში პროსტიტუციაში ჩართვას აპირებდნენ.
მისი თქმით, ზოგიერთმა მათგანმა არაერთხელ სცადა ისლანდიაში დაბრუნება. მათი უმეტესობა იმ ქვეყნებიდან არიან, რომლებიც შენგენის ზონაში არ შედიან.
„მათი უმეტესობა გვეუბნება, რომ ტურისტები არიან, მაგრამ თავიანთ გეგმებზე ვერაფერს ამბობენ, თანაც, უმეტეს შემთხვევაში, ფინანსები, პრაქტიკულად, არ აქვთ“, – ამბობს ულფარი.
822-პროცენტიანი ზრდა
სუდურნესის პოლიციის უფროსის თქმით, უცხოელების ისლანდიაში შემოშვების პოლიტიკა კარდინალურად შეიცვალა და ეს ქვეყნიდან დეპორტირებულთა სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს: 2019 წელს ისლანდიიდან გაძევებულთა რაოდენობა 63 იყო, წელს კი 581-მდე გაიზარდა. ანუ, გაძევების მაჩვენებელი 822 პროცენტით მეტია, ვიდრე მას შემდეგ, რაც ულფარმა სუდურნესის პოლიციის უფროსის თანამდებობა დაიკავა (ეს 2020 წელს მოხდა).
„ჩვენ ეს ისლანდიის პოლიციის ეროვნული კომისრის მხარდაჭერით და იუსტიციის სამინისტროს კეთილი ნებით გავაკეთეთ“, -დასძენს ულფარი, რომელსაც თავისი საქმე ჯერ ბოლომდე არ მიუყვანია და აპირებს, თავისი ძალაუფლება საზღვარზე კიდევ უფრო განამტკიცოს.