თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცესკო-ს განკარგულების გაუქმებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ძალაში დარჩა ცესკო-ს გადაწყვეტილება, რომლითაც საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების შრომითი ანაზღაურება დიფერენცირებულია.
„ნაციონალური მოძრაობა“ ასაჩივრებდა ცესკო-ს 27 აგვისტოს განკარგულებას, რომლითაც ცესკო-ს მიერ არჩეულ საარჩევნო კომისიის წევრებს უფრო მაღალი ხელფასი აქვთ, ვიდრე პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი თანასწორუფლებიანობის დარღვევაზე მიუთითებდა და განმარტავდა, შრომით ანაზღაურებაზე დიფერენციაცია არ უნდა არსებობდეს, რადგან მათ ერთი და იგივე ფუნქციები აქვთ.
ცესკო-ს წარმომადგენელი თანასწორობის პრინციპის დარღვევას არ ეთანხმება. მან ისაუბრა განსხვავებებზე, რომელიც ცესკო-ს მიერ პროფესიული ნიშნით არჩეულ და პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრთა შორის არსებობს.
ცესკო-ს წარმომადგენლის განცხადებით, განსხვავებით პარტიების მიერ დანიშნული წევრებისგან, ცესკო-ს მიერ პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები მკაცრ კონკურსს გადიან, მოეთხოვებათ სერტიფიკატი, ვალდებულება აქვთ, არ იყვნენ დაკავშირებული არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან და არ იყვნენ შემომწირველები.
დიფერენციაციას ცესკო სამართლიანად მიიჩნევს და განმარტავს, რომ კვალიფიკაციას ახალისებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
ცნობისთვის, ცესკო-ს განკარგულებით, ცესკო-ს მიერ არჩეული კომისიის წევრის შრომითი ანაზღაურება თვეში 390 ლარს, ხოლო პარტიების მიერ დანიშნულის 260 ლარს შეადგენს.