ბატონმა რუსლან აბაშიძემ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო მას ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე ოთხწლიანი მოღვაწეობისთვის. სამწუხაროა, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარის სწრაფად დანიშვნის მნიშვნელობას.
„აქ მთავარი არის, რომ რაც შეიძლება მალე იყოს მიღებული გადაწყვეტილება მთავრობის ახალი თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამაზე გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭო არსებითად, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, სასურველია რაც შეიძლება მალე შედგეს შეთანხმება და დაინიშნოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
რაც შეეხება რუსლან აბაშიძეს, კარგი იქნება, თუ ის დარჩება სახელმწიფო სამსახურში. ამასთან დაკავშირებით მასთან გვექნება კონსულტაციები“, – აღნიშნა პრემიერმა.
რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.