მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები და ორმაგი სტანდარტების კრიტიკა არის აბსურდული, უსაფუძვლო და არასამართლიანი მიდგომა და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც რადიკალური ფრთა წარმოადგენს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების ვიზიტის შეფასებისას.
„კიდევ ერთხელ ვნახეთ ქვეყნის საშინაო საქმეებში ღია და პირდაპირი ჩარევა, მით უმეტეს, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია, ამ პერიოდში კონკრეტული ადამიანები ჩამოდიან და შემდეგში პრეტენზიებს გამოთქვამენ შეხვედრებზე. უნდა ვთქვათ, რომ აბსოლუტურად არასამართლიანია განცხადება იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მათ არ შეხვდნენ. მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები და ორმაგი სტანდარტების კრიტიკა არის აბსურდული, უსაფუძვლო და არასამართლიანი მიდგომა და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც რადიკალური ფრთა წარმოადგენს.
რაც შეეხება მათი მხრიდან განცხადებას, რომ მოლაპარაკებები ვერ გაიხსნება, ეს კონკრეტულად მათი გადასაწყვეტი არ არის. გვახსოვს არაერთი მსგავსი კრიტიკული განცხადება, რომელიც სამართლიანობას მოკლებული იყო, როდესაც ჩვენ სრულიად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ, 2022 წელს კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა. ამიტომ, მოლაპარაკებებიც გაიხსნება და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა მიქანაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების ვიზიტს გამოეხმაურა. იგი წერს: „სტუმარი რომ სახლში შემოგივა და არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ“.