ნაძარცვი ფულით ქართულ პოლიტიკაში ჩარევა, – ასე აფასებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას.
სამხარაძის განცხადებით, ევროპელი პენსიონერებისგან თაღლითური გზით დაუფლებული ფულით და დონორების გრანტებით საქართველოში ოპოზიციური პარტიები, ტელევიზიები და რადიკალური ენჯეოები ფინანსდება. სამხარაძემ უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური აქტივობების გამო, ქართული კანონმდებლობის დარღვევაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ძალიან მარტივად ხდება საქართველოში ოპოზიციის აქტივობების დაფინანსება. პირველი გზა კეზერაშვილის მიერ პარტიების, ტელევიზიების და როგორც მან აღიარა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა. კეზერაშვილის შემთხვევაში ყველაფერი ნათელია – ეს არის ნაძარცვი ფული, ევროპელი პენსიონერებისგან თაღლითური გზით დაუფლებული ფული. ესეც თავისთავად საქართველოს კანონის დარღვევაა, რადგან არ შეიძლება საქართველოში პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური აქტივობა საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდეს, ეს კანონით არის აკრძალული“, – აღნიშნა სამხარაძემ.