შკილბენის მუნიციპალიტეტის მესაზღვრეებმა დააკავეს ლატვიის მოქალაქე, რომელმაც რუსეთიდან უკანონოდ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი. ეს ინფორმაცია „ლატვიის ტელევიზიას“ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა მიაწოდა.
ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (VDD) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ საზღვრის დამრღვევი მამაკაცი აგრესორი ქვეყნის, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.
სახელმწიფო საზღვრის დაცვის უწყებამ მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი პუნქტით აღძრა, რომელიც „სახელმწიფო საზღვრის განზრახ უკანონო გადაკვეთას“ გულისხმობს.
თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ პირს „ეროვნული უსაფრთხოების შესახებ“ კანონის დარღვევაში ედავება და, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის გავლის აკრძალვის დარღვევისთვის, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 95(1) მუხლით აღძრა. VDD -სთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, ამ პირს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ეს ადამიანი ლატვიიდან რუსეთში წავიდა, სადაც ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების რიგებს უკანონოდ შეუერთდა. მას შემდეგ, რაც რუსეთში სამხედრო სწავლება გაიარა, მან ლატვიაში დაბრუნება გადაწყვიტა“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ნორმუნდს მეჟვიეტსმა.
მის სამსახურს ამ დრომდე არ აქვს საფუძველი იფიქროს, რომ ეს პირი რუსეთის სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული ან ლატვიაში რაიმე დივერსიის ან პროვოკაციის განსახორციელებლად შეაგზავნეს. რუსეთი მან, სავარაუდოდ, საკუთარი ინიციატივით დატოვა.
სისხლის სამართლის ამ საქმეებზე გამოძიება გრძელდება და მათი მიმდინარეობის შესახებ დამატებით ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
ორივე, სახელმწიფო უსაფრთხოების და საზღვრის დაცვის სამსახური მოსახლეობას შეახსენებს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპებს იცავს.