რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი ოფიციალური ვიზიტით პეკინშიჩავიდა. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება წერს, ბელოუსოვს დაგეგმილი აქვს მოლაპარაკებები ჩინეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. რუსეთის დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური სამხედრო საბჭოს შენობასთან.
ბელოუსოვს ვიზიტი მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც აშშ ჩინეთს რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის მხარდაჭერაში სდებს ბრალს.
პეკინი დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება და აგრძელებს აქტიურ ვაჭრობას რუსეთთან. ორი ქვეყანა აცხადებს, რომ სამხედრო სფეროში თანამშრომლობა ღრმავდება. ჩინეთი ოფიციალურად ნეიტრალურ პოზიციას იკავებს რუსეთისა და უკრაინის ომში, დასავლეთის ქვეყნებს კი ეჭვი აქვთ, რომ პეკინი მხარს უჭერს და ეხმარება მოსკოვს. აპრილში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ პეკინს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რუსეთის თავდაცვის მრეწველობის მხარდაჭერაში. მაისში ჩინეთს ეწვია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს, სი ძინპინს შეხვდა. ჩინეთი, ბრაზილიასთან ერთად, უკრაინაში ომის დასასრულებლად საერთაშორისო საზოგადოებას საკუთარ გეგმას სთავაზობს, რომელიც სამხედრო კონფლიქტის ფაქტობრივ გაყინვას გულისხმობს.