საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, წვევამდელთა სისტემის აღდგენა პროფესიონალი სამხედროების არგუმენტების მოსმენის შემდეგ გადაწყდა.
”გეტყვით ჩემი შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების ისტორიას. პირველად, როცა ეს აზრი მოვისმინე, პროფესიული არმიის არსებობა მხიბლავდა და უფრო ვიხრებოდი იმისკენ, რომ ეს იყო საჭირო და აუცილებელი, მაგრამ მე მოვინახულე ყველა დანაყოფი, ყველგან პრეზენტაცია ჩამიტარეს. სწორედ პროფესიონალი სამხედროების არგუმენტების მოსმენის შემდეგ გადაწყდა ასე, ყველა დანაყოფში იყო ერთსულოვნება იმასთან დაკავშირებით, რომ წვევამდელთა სისტემა უნდა აღვადგინოთ. რაც შეეხება მიზეზებს. ეს ხდება სწორედ სამხედრო მოსამსახურეთა ღირსეული ფუნქციების შესასრულებლად, სწორედ იმისთვის, რომ მათ ეს ფუნქცია ”არ დათმონ”. იცით რას თმობდნენ ამის სანაცვლოდ? რომ დამდგარიყვნენ და შეესრულებინათ დაცვის ფუნქცია ობიექტებზე, განწესში ყოფილიყვნენ.
მთელ მსოფლიოში კლასიკურად სწორედ წვევამდელებს აქვთ ფუნქცია იმისა, რომ იყვნენ განწესში, დაიცვან ობიექტები, მაგრამ ჩვენ შეიარაღებულ ძალებში მეტი ინტეგრაციისთვის, ჩვენ მივეცით ყველანაირი პირობები სამხედრო მომზადების კუთხით, ისევე როგორც საკონტრაქტო მოსამსახურეებს. მათ მივეცით სამ თვიანი საბაზისო მომზადების კურსები. 30 აპრილის შემდეგ, როცა ფიცს დადებენ, ყოველდღიურ რეჟიმში ექნებათ შესაძლებლობა პროფესიონალებთან ერთად გაიარონ საბრძოლო მომზადება.
მათაც ჩვენსავით აქცენტი ჰქონდათ პროფესიული ჯარის ჩამოყალიბებაზე, მათაც ჰქონდათ გეგმები, მაგრამ 2014 წლიდან მიდგომები არსებითად შეიცვალა, თუ მანამდე ნატო იყო კრიზისების მართვაზე და საერთაშორისო მისიების განხორციელებაზე ორიენტირებული, ნატო დაუბრუნდა 50-იან წლებში თავის მთავარ სტრატეგიულ ამოცანას – შეკავების სასიცოცხლოდ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას. სწორედ ამისთვის შეიმუშავეს მზადყოფნის სამოქმედო გეგმა, დაავალეს თავის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს, რომ ყველა ამ კომპლექსში უნდა ვიყოთ ჩართული, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენი მიდგომები იყოს სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებაზე ორიენტირებული. ჩვენი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო, ბალტიის და სკანდინავიის ქვეყნები, სასიცოცხლოდ აუცილებელია რაოდენობრივად ვიყოთ ადეკვატური საფრთხესთან. სწორედ ამ ნაბიჯებით, ლოგიკით იყო ნაკარნახევი ის, რომ ეს ნაბიჯი გადადგვედგა”, – განმარტა ლევან იზორიამ.