ეუთო/ოდირის ანგარიში დიდწილად იმეორებს იმ დასკვნებს, რაც გაკეთდა არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის მისიის მხრიდან, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად არსებობს სათანადო საკანონმდებლო ჩარჩო საქართველოში. ასევე, ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, გაეკეთებინა არჩევანი იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც შეუზღუდავად იყვნენ რეგისტრირებულები და წარმოდგენილი საარჩევნო პროცესში და ზოგადად არსებობდა, რა თქმა უნდა, არჩევანის განსახორციელებლად სათანადო პირობები. რა თქმა უნდა, აქ არის საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც ახლდა ამ პროცესს. ასევე, არის საუბარი იმ, ასე ვთქვათ, წუხილებზე, რომლებიც ფიქსირდებოდა ოპოზიციის და საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან. რაც მთავარია, არის რეკომენდაციები, რომლებთან დაკავშირებითაც უნდა მოხდეს მუშაობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ეუთო/ოდირმა საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ოდირი მზად არის, საქართველოს ხელისუფლებას დაეხმაროს საარჩევნო პროცესის შემდგომ გაუმჯობესებაში და ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებაში.