ევროკავშირის შემდეგ, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შვეიცარიამაც მიიღო. კერძოდ, შვეიცარიის მთავრობამ სანქციების სიაში შეიყვანა 54 ფიზიკური პირი, 30 კომპანია და ორგანიზაცია, ასევე 52 ხომალდი.
შვეიცარიის მთავრობის განმარტებით, „შავ სიაში“ შეყვანილი ხომალდები ძირითადად ტანკერებია, რომლებიც რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია“ და რომლებიც რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობენ, ახორციელებენ რუსეთისთვის სამხედრო ტვირთის, ან უკრაინიდან მოპარული ხორბლის ტრანსპორტირებას.
სანქციები დაუწესდა ჩინეთის შვიდ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეზღუდვების გვერდის ავლის ხელშეწყობისთვის და რუსეთისთვის სამხედრო კომპონენტების მიწოდებისთვის.
სანქციები აქტივების გაყინვასა და სამოგზაურო შეზღუდვებს გულისხმობს.
ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, შვეიცარიამ ასევე ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა 26 ფიზიკურ პირს და ორ ორგანიზაციას ბელარუსიდან.