დედაქალაქი ტრადიციულ დღესასწაულს – „თბილისობას“ მასშტაბურად აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება.
რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი მასპინძლებობს.
ყველა ლოკაციაზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები ხვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულად განთავსებულია სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი. მოწყობილია სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილია ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია.
ამასთან, დღის განმავლობაში იმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. სადღესასწაულო პროგრამა მოიცავს მუსიკალურ საღამოებს და თეატრალიზებულ წარმოდგენებს.
4 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა.







