იმდენად არაადეკვატური განცხადებები კეთდება, საერთოდ ყველაფერს მოწყვეტილი, რომ ძალიან რთულია სერიოზულად რაიმე კომენტარი გააკეთო ქართველების პროჩინელობაზე, პროირანელობაზე მით უმეტეს და პრორუსობაზე ხომ აღარ არის საუბარი, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“, აღნიშნულ თემაზე კონგრესმენ ჯო უილსონისა და „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური პროგრამების ხელმძღვანელი, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის განცხადებებზე საუბრისას.
„ზოგადად, ის დეზინფორმაციული კამპანიები, რაც საქართველოს შესახებ ბოლო წლებია ტრიალებს, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ შიდა აუდიტორიაზე არ არის გათვლილი და შედეგი არ არის მხოლოდ და მხოლოდ შიდა აუდიტორიის განწყობების შეცვლა. არ არის მარტივი, როდესაც უპირისპირდები ამხელა მანქანას. ჩვენი საზოგადოება დღეს ძალიან კარგად ხედავს, რასთან გვაქვს საქმე და რამხელა მანქანა მუშაობს მაშინ, როდესაც საქმე ეხება გარკვეული ინტერესების გატარებას. გარკვეული ინტერესების გატარება ამ შემთხვევაში უკავშირდება საქართველოსაც და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ინტერესებთან.
განსაკუთრებით მოდიოდა წინააღმდეგობაში 2022 წლიდან – მაშინ, როდესაც ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები კიდევ უფრო გაიზარდა, უკავშირდებოდა უკრაინაში საომარ მოქმედებებს, რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ამ სიტუაციაში იმ სიფრთხილის პოლიტიკას უპირისპირდებოდა, რასაც „ქართული ოცნება“ აწარმოებდა ერთადერთი მიზნით, რომ ამ ქვეყანაში საფრთხე არ გაზრდილიყო, ჩვენი ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე არ დამდგარიყო. ამას უპირისპირდებოდა მთელი რიგი, მათ შორის დეზინფორმაციული კამპანიების გამოყენება.
გახსოვთ „შავი ხვრელი საქართველო“ – თითქოს, როგორ ხდებოდა სანქციების გვერდის ავლა. როგორ ხდებოდა საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია ამ გამოგონილი მიზეზებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.