საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება, რამდენიმე წუთის წინ, საბოლოო კენჭისყრაზე დადგა და იქნა ცნობილი. თუმცა, უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტს თან ახლავს დათქმები. არაერთი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია წყვეტს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას და მუშაობას განაახლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ.
„ამასთან, კატეგორიულად მიუღებელია ის პირველი დათქმა, რომელიც სცილდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს. ჩვენი მხრიდან ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლისა და, შესაბამისად, ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა, ვიმსჯელეთ და, „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება დამტკიცებულია, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი, არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს, განხილვები მიკერძოებულია და გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით, ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს.
საქართველო, ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად. ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ, დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები თითოეული ოფიციალური და არაოფიციალური პირი, ასევე, მათ უკან მდგომი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ყურადღებისთვის, ჩვენ თბილისიდან თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას ვგრძნობდით“, – განაცხადა წულუკიანმა.