ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი განკარგულება ირანზე მაქსიმალური წნეხის გაზრდის შესახებ მარცხს განიცდის.
„მჯერა, რომ მაქსიმალური წნეხი – ეს არის მარცხისთვის განწირული ექსპერიმენტი და მეორე მცდელობა, რომელიც კრახით დასრულდება“, – თქვა არაღჩიმ.
მან აგრეთვე დასძინა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებს.
„თუ მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ირანმა არ უნდა შექმნას ბირთვული იარაღი, ეს მიღწევადია და დიდ პრობლემას არ წარმოადგენს“, – თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, დღეს ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ის ირანზე მაქსიმალურ წნეხს გაზრდის. ამ მიზნით მან ცალკეული დავალებები მისცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, სახაზინო დეპარტამენტს, გენერალურ პროკურორს. ტრამპი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროსაც იყენებდა ირანზე მაქსიმალური წნეხის ტაქტიკას.