ჩვენ ვაპირებთ, ვიმუშაოთ ორი თვის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით კანონმდებლობაზე, რომელთა მიზანიც არის საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში გარე ჩარევის შეზღუდვა, ეს არის გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებები არის სიგნალი, რომ საქართველომ გადახედოს კანონმდებლობას და მასში ცვლილებები შეიტანოს.
„სკანდალური მხილებები, რომელსაც ბოლო პერიოდში ვხედავთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან აშშ-ის დახმარების არაჯეროვნად გამოყენებაზე, არის ჩვენთვის სიგნალი, რომ ჩავხედოთ ჩვენს კანონმდებლობას და ვიყოთ მზად, რომ დემოკრატიამ შეძლოს გარე ჩარევებისგან თავის დაცვა. ვნახეთ მხილებები, რომ დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით. აშშ-ის საგარეო დახმარება ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან გამოიყენებოდა საკუთარი გავლენების გასატარებლად სხვა ქვეყნებში, ამისთვის ისინი იყენებდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებს ადგილზე, რომლებიც მათ შორის ფუძნდებოდა ამ მიზნით, მომსახურებოდა საგარეო ინტერესების გატარებას არაკომერციული ორგანიზაციები იქნება ეს თუ მედიასაშუალებები. ნახეთ, რომ საერთაშორისოდ ცნობილი მედიასაშუალებაც კი აღმოჩნდა, რომ ყოფილა დაფინანსებული სხვადასხვა საბიუჯეტო სახსრებიდან. აქედანაც ირკვევა, რომ მაგალითად „პოლიტიკო“ ან სხვა, რომლებიც მიკერძოებულად აშუქებდნენ ამა თუ იმ მოვლენას და ჰქონდათ დღის წესრიგი ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფების ინტერესების გასატარებლად თუ სხვა ლიდერების წინააღმდეგ სამუშაოდ. ამ სკანდალურმა მხილებებმა გვიბიძგა, რომ ამაზე მეტი ვიფიქროთ. აქედან გამომდინარე, შემდეგო ორი თვე ამაზე ვიმუშავებთ. დავაინიცირებთ კანონპროექტებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს სიტყვა-სიტყვით გადმოიტანს აშშ-ის კანონმდებლობა „ფარასთან“ დაკავშირებით.
„ბევრი შეეცადა, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით შეექმნა ბუნდოვანი გარემო, მათ შორის თარგმანში დაეკარგათ უცხოელები, რომ დისკრედიტაცია მოეხდინათ გამჭვირვალობის იდეის. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, აქ არის აშშ, არავის არ ეპარება ეჭვი, რომ მისი მოწყობა, კანონმდებლობა და სისტემა შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს, აგერ არის აშშ-ის კანონმდებლობა „ფარასთან“ დაკავშირებით, ავირებთ სიტყვა-სიტყვით და გადმოვიტანთ საქართველოში. თუ რაიმე კითხვა არის კანონზე, მიმართეს აშშ-ს ან მის საელჩოს საქართველოში და მიიღებთ განმარტებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გუშინ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია რამდენიმე ახალ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს, მათ შორის დააინიცრებს კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის ასლი. ასევე წარადგენს კანონპროექტს, რომელიც მედიას შეეხება.