თურქეთში ორი წლის წინ მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის დროს დაღუპულებს იხსენებენ. ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ათასობით ადამიანმა ჩირაღდნებით მსვლელობა მოაწყო, რითიც პატივი მიაგეს მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მიწისძვრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„მთელი გულით ვიზიარებთ მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და მათი ნათესავების ტკივილს. 6 თებერვლის ტრაგედიის წლისთავზე კვლავ გამოვხატავთ მადლიერებას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს ამ დიდი გასაჭირის დროს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
2023 წლის 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარ 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას თურქეთის სამხრეთ ნაწილში 53 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ექვსი ათასი ადამიანი სტიქიას ემსხვერპლა მეზობელ სირიაში.
მიწისქვეშა ბიძების შედეგად თურქეთში 400 ათასამდე შენობა განადგურდა, 200 ათასამდე კი დაზიანდა. დაზარალებული მოქალაქეების ნაწილი ამ დრომდე დროებით თავშესაფრებში ცხოვრობს.