ევროკავშირის წარმომადგენლებმა აშშ-ში დაიქირავეს რესპუბლიკურ პარტიასა და ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში მოქმედ ადმინისტრაციასთან დაკავშირებული ლობისტური კომპანია, რომელმაც ბრიუსელს კონსულტაცია უნდა გაუწიოს ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებზე კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაში. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
„პოლიტიკოს“ ცნობით, უცხოეთის აგენტების რეესტრში (FARA) 2024 წლის პირველ ნოემბერს წარდგენილ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ DCI Group AZ, L.L.C გაუწევს კონსულტაციას ევროკავშირის წარმომადგენლებს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთქმედების საკითხებში. აქცენტი გაკეთდება აშშ-ში ევროკავშირის ვაჭრობისა და ინვესტიციების წინ წაწევაზე.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირთან სავაჭრო პოლიტიკას უსამართლოს უწოდებს და გამოთქვამს სურვილს, რომ ევროპელებმა მეტი ამერიკული ბუნებრივი აირი, ავტომობილები და სოფლის მეურნეობის პროდუქცია შეისყიდონ.
როგრც მედია წერს, DCI Group-ი კარგად არის ცნობილი ვაშინგტონში. 2016 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში დონალდ ტრამპმა ამ კომპანიის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმ მერფი ეროვნული პოლიტიკური დირექტორის თანამდებობაზე დანიშნა.
ცნობისთვის, DCI Group-ი 1996 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ მუშაობდა, მათ შორის, მიანმარის სამხედრო ხუნტისა და აშშ-ში აზერბაიჯანის ინტერესების წინ წაწევაზე.