საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” ხელმძღვანელი, დიმიტრი ხუნდაძე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მოწოდებებს ეხმიანება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს მოწოდებები კლასიკური ორმაგი სტანდარტია.
„ერთ შემთხვევაში ეუთო/ოდირს პირიქით შეურაცხყოფას აყენებდნენ იმის გამო, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები მათ პოზიტიურად შეაფასეს. მაშინ მას არ უსმენდნენ და სხვებსაც უკრძალავდნენ, რომ მათ ეღიარებინათ დასკვნა. ახლა, პირიქით ეუთო/ოდირს დაელოდეთ და მის დასკვნას გავითვალისწინებთო.
ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ შეჩვეული ვართ, მაგრამ ვფიქრობ, თავად ევროპა უნდა გადაეჩვიოს ამდაგვარ სტანდარტს, რამეთუ, ხედავენ, რომ თავად ზიანდებიან“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასიმ და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსიმ განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია: „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ასევე – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“. ავტორები საკანანმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მოუწოდებენ ხელისუფლებას, „შეაჩეროს ეს ზომები, თავი შეიკავოს დაძაბულობის შემდგომი გაზრდისგან და დაელოდოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE / ODIHR) დასკვნას, სახალხო დამცველის მოთხოვნის შესაბამისად.“