დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს სურს, 2022 წლის შეჭრის შემდეგ უკრაინისთვის გადაცემული თანხის ნაწილი რაიმე ფორმით დაიბრუნოს.
ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 350 მილიარდი დოლარი დახარჯა.
„ჩვენ ბევრად მეტ თანხას ვხარჯავთ, ვიდრე ევროპა, თუმცა ევროპა ჩვენზე ბევრად უფრო დიდ საფრთხეშია. ჩვენ შორის ოკეანეა, ხოლო ევროპასა და საფრთხეს შორის არაფერი არ არის. იცით, რა არის მათ შორის? მათ შორის უკრაინაა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის კიევში ვიზიტზე საუბრისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ ის „იქ ჩადის, რათა მოამზადოს დოკუმენტი, რომელიც მოგვცემს გარანტიებს, რომ ჩვენ რაიმე ფორმით დავიბრუნებთ ამ თანხას“.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი ფულის უსაფრთხოებას. მათ აქვთ იშვიათი ლითონები, ნავთობი და გაზი და ბევრი სხვა რამ და ჩვენ მათ ვთხოვთ, უზრუნველყონ ჩვენი ფულის უსაფრთხოება“, – დასძინა მან.