კანონპროექტი, რომელიც ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლია, დღეს ბიუროზე დარეგისტრირდება.
„ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ კანონპროექტი ქართული დემოკრატიის გარე ჩარევებისგან დაცვისა და „გამჭვირვალობის კანონის“ ირგვლივ სპეკულაციების დასრულების მიზნით წარადგინეს.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის და ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. კარგად ვნახეთ, თუ რა შეუძლია იმ არაკეთილმოსურნე უცხოურ დაფინანსებას, რომელიც შემოედინებოდა ჩვენს ქვეყანაში, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში და რამდენი გადატრიალების მცდელობა აირიდა ჩვენმა ქვეყანამ თავიდან“, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.
„გარკვეული გლობალური, ჩრდილოვანი ძალები, კონკრეტულად „დიფ სთეითი“ ჯერ კიდევ მძლავრობს და რასაკვირველია, საჭიროა ეფექტიანი პრევენციის მექანიზმების არსებობა. მათ შორის, სამართლებრივ სივრცეში.
ერთ-ერთი მოტივი და ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო „ფარას“ ანალოგის გადმოტანას ქართულ სამართლებრივ ბაზაში, რა თქმა უნდა, არის მათ შორის სახელმწიფო ინტერესების დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი გარანტიების არსებობა“, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.