ოპოზიციის მხრიდან ჩვენ მივეჩვიეთ არაკონსტრუქციულობას წლების განმავლობაში, მივეჩვიეთ საბოტაჟს და მივეჩვიეთ მუდმივად კანონებში რაღაც შავი ხვრელების ძებნას, ეს არის მათი ხელწერა. ისინი არ არიან დაკავებული არც საკანონმდებლო საქმიანობით, როგორც ოპოზიციური პარტიები და საპროტესტო აქციებიც აქციეს ნამდვილ საომარი დაპირისპირებების არეალად, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ პროკურატურის მიერ კონკრეტული ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე საუბრისას.
„ჯარიმების გადახდის საკითხს ვიღაც განსაზღვრავს, რაღაც პოლიტიკური ჯგუფი, ყოფილი თუ მოქმედი„ენჯეოები“, ჟურნალისტები. საერთოდ ამ ფონდის ხელმძღვანელიც გაურკვეველია ვინ არის, პოლიტიკოსია, ჟურნალისტია, ქველმოქმედია თუ ვინ არის. ანუ განსაზღვრავენ ისინი, რომ ამა და ამ კანონდარღვევას ჩვენ დავაფინანსებთ. იქნებ მკვლელების ადვოკატირებაც დაიწყონ, ნარკორეალიზატორების, მაგალითად შეუძლიათ გადაიხადონ საავტომობილო ჯარიმები და მძღოლებს უთხრან, რომ მიდით დაარღვიეთ და ჩვენ გადავიხდით.
იგივეა დაახლოებით, როცა ახალგაზრდებს ეუბნებიან, რომ მიდი თქვენ დაარღვიეთ და ჩვენ გადავიხდით. რაღაც კონკრეტული კანონდარღვევები თვითონვე განსაზღვრეს და ამბობენ რომ ჩვენ ამ კანონდარღვევებს დავაფინანსებთ. საუბარია 10 ათას და 100 ათას ლარებზე.
თუ ასე ადარდებთ, რომ ვერ დააფინანსებენ ფონდის გამო შეჭირვებულ ადამიანებს, ვისაც ისინი ეხმარებოდნენ, მაშინ პირიქით უნდა მოუწოდონ ახალგაზრდებს, რომ შეეცადონ ნუ დაახარჯვინებენ ფონდის თანხებს ისეთ კანონდარღვევებზე, რომლებიც არაფერს არ აძლევს პირველ რიგში ოპოზიციას. საზოგადოებას რომ არაფერს არ აძლევს, ეს ისედაც ცხადია“, – აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.