საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში, ორმა ევროპელმა ლიდერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია ევროპული სამხედრო დახმარების გაგრძელების იმედი ჰქონდეს.
„ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინული არმიის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში. [მოლაპარაკებების] პირველი ნაბიჯები იდგმება, მაგრამ მიზანი იგივე უნდა დარჩეს: გვქონდეს მყარი, გაზომვადი და გადამოწმებადი ცეცხლის შეწყვეტა. ცხადია, ეს წარმოუდგენელია უკრაინელების [მოლაპარაკებების] მაგიდასთან არყოფნის შემთხვევაში“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
„ჩვენ ორივე ვთანხმდებით იმაზე, რომ უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს, რომ უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს და რომ ჩვენ მას არ ვუღალატებთ. ასევე ვთანხმდებით, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინასთან კონსულტაციის გარეშე არ მიიღება“, – დასძინა გერმანიის კანცლერმა.