საქართველოს შეიარაღებული ძალები დღეს 26 წლის გახდა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საზეიმო დღესასწაულთან დაკავშირებით, გორში დისლოცირებულ I ქვეით ბრიგადას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ესტუმრნენ.
მთავრობის მეთაურმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მემორიალის შემკობის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან გუშინ დაბრუნებულ I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეულს შეიარაღებული ძალების დღე და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები გაიხსენა და დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში ქართული ჯარის როლი აღნიშნა. „ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში. ჩვენ უამრავი გმირობის მაგალითი გვახსოვს მთელი ამ წლების განმავლობაში. თქვენ ასრულებთ ყველაზე საპატიო საქმეს დედამიწის ზურგზე და გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული,“ – მიმართა მთავრობის მეთაურმა ქართულ ქვედანაყოფს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა. მან თითოეული რიგითის, სერჟანტის, ოფიცრის ღვაწლი აღნიშნა და განაცხადა, რომ ქართველი ჯარისკაცი არის მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახურო, გიყვარდეს სამშობლო და დაიცვა ეროვნული ღირსება.
სტუმრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად „გმირების ხეივნის“ გამწვანებაშიც მიიღეს მონაწილეობა.
მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ -მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერეს და ჯარისკაცების ბავშვებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას გორში, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ლელა ჩიქოვანი, ზაალ კაპანაძე და გიორგი ბუთხუზი, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები – პოლკოვნიკები ნიკოლოზ ჯანჯღავა, ზაზა ჩხაიძე და შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ.
ქართული არმიის დღესთან დაკავშირებით, ბრიგადაში კულტურული და სპორტული ღონისძიებებიც გაიმართა. ოფიციალურ პირებთან ერთად, სამხედრო ბაზას სამხედროების ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეებიც ესტუმრნენ.
”1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ, ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.