პირველი გამწევი ძალა ამაში არის სახელმწიფოს სწორი ხედვა, თანმიმდევრული რეფორმები და მშვიდობის შენარჩუნება, ხალხის ინტერესის აღსრულება, – ასე შეაფასა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციები.
ამჯერად, საუბარია 2025 წლის გლობალური სოციალური პროგრესის ინდექსზე, რომელშიც საქართველო ლიდერი გახდა და ისტორიული, 13 წლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. გლობალური სოციალური პროგრესის საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა, ამერიკულმა ორგანიზაციამ Social Progress Imperative, 2025 წლის გლობალური სოციალური პროგრესის ანგარიში გამოაქვეყნა.
მარიამ ლაშხის განცხადებით, ანგარიშში საქართველოს ლიდერი პოზიცია სახელმწიფოს სწორი და განვითარებასთან დაკავშირებით თანმიმდევრული ხედვის შედეგია.
„მთავარი გამწევი ძალა არის ფოკუსირებული და სახელმწიფოს სწორი და თანმიმდევრული ხედვა განვითარებისა და გრძელვადიანი გეგმა. გარდა იმისა, რა მნიშვნელოვანი მიმართულებებიც აქვს ქვეყანას აღებული სოციალურ, ჯანდაცვის თუ ეკონომიკური კეთილდღეობის მიმართულებით ასევე, მნიშვნელოვანი არის ამ განაცხადებისა სტრატეგიაში აღსრულებას როგორ ვახერხებთ. როდესაც სახელმწიფოს აქვს ძალიან მკაფიო ხედვა ეკონომიკური განვითარების, როდესაც ქვეყანას აქვს სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნების, შესაბამისად გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რომელიც გვაძლევს ფინანსურ რესურსს, რომ ის პოსტულატები, რაც სტრატეგიაში გვაქვს აღვასრულოთ და საერთაშორისო შემფასებლებისგან მივიღოთ მსგავსი ტიპის უპრეცედენტო წინსვლის შეფასება. 13 წლიან ვადაში მეექვსე ადგილს ვიკავებთ მსოფლიო მიმართულებით წინსვლის კუთხით“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.