პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესის დასაწყისშივე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ერთვებოდა.
„რა ტიპის იქნება ეს შემოთავაზება, როგორ წარმოუდგენია თავად პარლამენტს საერთო-სახალხო განხილვის პროცესი, რა შემადგენლობით წარმოუდგენია კომისიის მუშაობა და როგორი იქნება სამუშაო წესი ამას უკვე შემოთავაზებული ფორმატი განსაზღვრავს; ასე რომ, ამ შემთხვევაში, პარლამენტის გადასაწყვეტია, როგორი იქნება საერთო-სახალხო განხილვების კომისია, შემადგენლობა და მუშაობის წესი და ამის შემდგომ იქნება ჩვენი პოზიცია უკვე გაცხადებული ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მისი განმარტებით, მმართველ კოალიციასაც აქვს გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ შემდგომ ეტაპზე განხილვებში პრეზიდენტის ჩართვა კარგია.
„მთელი ის პროცესი, რასაც პრეზიდენტი აწარმოებდა „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში, ემსახურებოდა სწორედ იმას, რომ საზოგადოება უფრო მეტად ყოფილიყო მომზადებული საერთო-სახალხო განხილვებისათვის და ეს პროცესი არ ყოფილიყო ფორმალობა, როგორიც არაერთხელ გვინახვას, როცა კონსტიტუციის გადასინჯვების პროცესთან გვქონდა საქმე“, – აღნიშნა პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა.