პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავად და მტკიცე პარტნიორობის კიდევ უფრო მხარდასაჭერად 30-მა კონგრესმენმა, წარმომადგენლთა პალატის წევრებმა გაუგზავნეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მხარდამჭერი წერილი, სადაც ხაზგასმულია პარტნიორობის მნიშვნელობა, ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები, როგორც დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობის, ასევე დემოკრატიული განვითარების გზაზე.
“ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველო მიუხედავად ოკუპაციის პრობლემებისა, არის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი ანტიტერორისტული ოპერაციების. ასევე მხარდაჭერა არის გამოხატული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების დაწყებისთვის, რაც ვფიქრობთ, რომ არის ძალიან მისასალმებელი. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეზოლუცია იქნა მიღებული კონკრეგრისის მიერ. ეს იყო ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის კუთხით ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი აშშ-ის. გასული 25 წლის განმავლობაში ეს ასე იყო და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი 25 წლის განმავლობაშიც ჩვენ შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობა შევქმნათ. ეს არის გარანტი საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე განწყობა არის სენატშიც და ერთი წამით არავის ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ ზუსტად ასეთი სულისკვეთება გააჩნია აშშ-ის პრეზიდენტს”,-განაცხადა კვირიკაშვილმა.