აშშ-ის დელეგაციასთან რომში გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
მედიის ცნობით, მომდევნო კვირას მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართება, სადაც შესაძლო შეთანხმების ჩარჩოს შემუშავებაზე დაიწყებენ მუშაობას.
„მოლაპარაკებები ჩატარდა კონსტრუქციულ ატმოსფეროში და შემიძლია ვთქვა, რომ წინ მივდივართ. არ არსებობს მიზეზი ზედმეტი ოპტიმიზმისთვის, ვერ ვიტყვით, რომ ნამდვილად ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მაგრამ არც დიდი პესიმიზმის მიზეზი არსებობს. უნდა ვიაროთ შუაში, გონივრულად და მშვიდად. იმედი მაქვს, მომდევნო კვირას, ტექნიკური შეხვედრების შემდეგ, უკეთეს პოზიციაში ვიქნებით შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის შესაფასებლად. ჩვენ კვლავ სიფრთხილით ვმოქმედებთ“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.
აშშ-სა და ირანს შორის რიგით მეორე არაპირდაპირი მოლაპარაკებები რომში დღეს თითქმის ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მათ შუამავლობას ომანი უწევდა.