ირაკლი სესიაშვილი იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს და მის განცხადებებს ეხმაურება.
“პასპორტში ე. წ. ბეჭედი თუ არ იყო, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ე. წ. საზღვარი აქვს გადაკვეთილი, მესაზღვრე რეაგირებას ვერ მოახდენდა. მიზეზები შეგვიძლია მოგვიანებით გავარკვიოთ. მესაზღვრემ კანონის ფარგლებში იმოქმედა. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურად აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან თავხედური განცხადებებით მმართველ გუნდს პირდაპირი დარტყმა მოგვაყენა. მივიღებთ, როგორც გაკვეთილს, რომ მომავალში არ შემოვუშვათ ყოფილი თანამდებობის პირები, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე კითხვები აქვთ. ეს ჩვენთვის წინასწარ ცნობილი რომ ყოფილიყო, შეიძლება რეაგირება მოგვეხდინა. ოკუპანტები ცდილობენ, ე. წ. საზღვარზე ბეჭდის ჩარტყმას ან სისტემაში შეყვანას თავი აარიდონ”, – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
მოსკოვის ყოფილი მერი მის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაზე ამბობს, რომ კანონი არ იცის და არც აინტერესებს – “რა კანონი?! მიმიფურთხებია ოფიციოზებისთვის და ამ ყველაფრისთვის”.
იური ლუჟკოვი საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს ურთიერთობების დალაგებისკენ, რუს ტურისტებს კი, საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.