ლევილის ქართველთა მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახის გაშენებას და ღვინის კულტურის პოპულარიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება/ხელშეწყობას ისახავს მიზნად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და შპს “შატო ზეგაანს“ შორის გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და შპს “შატო ზეგაანის“ დირექტორმა ლიანა ზუბაშვილმა.
მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და მოადგილე გიორგი მირცხულავა ესწრებოდნენ.
მემორანდუმს საფუძვლად უდევს 2016 წლის 23 სექტემბერს ხელმოწერილი სანოტარო აქტი, რომელიც ითვალისწინებს ლევილის მამულის პარკის მოვლა-განვითარებას, სადაც საპატიო ადგილს ქართული ჯიშის ხეები და ხეხილი დაიკავებს, ხოლო მიწის ერთ მონაკვეთზე უნდა გაშენდეს ქართული ვენახი.
ეროვნულ მუზეუმთან და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით, შპს “შატო ზეგაანი“ ლევილის მამულის ტერიტორიაზე ვენახის გაშენების მიზნით, უსასყიდლოდ, თავისი ფინანსური რესურსითა და პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს შესაბამის ღონისძიებებს.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საკუთარი დარგობრივი კომპეტენციის ფარგლებში მეთოდურ დახმარებას და კონსულტაციას გაუწევს შპს “შატო ზეგაანს“ და ეროვნულ მუზეუმს.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.