მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს, ეს არა მხოლოდ მათი ოჯახების, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის დიდი ტრაგედია იყო, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას.
„იმ წუთიდანვე, როდესაც ეს ფაქტი დაფიქსირდა, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური ჩაერთო და გადავიდა 24 საათიან რეჟიმზე, მოხდა კომუნიკაცია თითოეულ ოჯახთან, იყო გარკვეული წინააღმდეგობები, მიუხედავად ამისა თითოეული ოჯახი გადავიყვანეთ სასტუმროში, სადაც ისინი უსაფრთხო გარემოში არიან.
დღეს დილიდან შესაბამისი სამსახურების ზედამხედველობით ხდება თითოეული ოჯახის თავიანთ ბინებში შეყვანა და პირველადი ნივთების გამოტანა, შესაბამისად სრული პროცესი კონტროლქვეშ გვაქვს და ყველა ძირითადი პირველადი სამუშაოები, რაც იყო ჩატარებული, უკვე განხორციელებული გვაქვს.
გუშინ საღამოდან დავიწყეთ ამ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოების ჯებირებით შემოღობვა, შევზღუდეთ საავტომობილო გზაც, ვინაიდან იქ გადაადგილება არ არის უსაფრთხო. შემოღობილ ტერიტორიაზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები რჩებიან, რათა საჭიროების შემთხვევაში პირველადი საჭიროების ნივთები, რაც მოსახლეობას დასჭირდება, მათ გამოტანაში დავეხმაროთ.
შემთხვევის ადგილზე სრული ტერიტორია ჯებირებით არის შემოღობილი და იქ გადაადგილება ამ ეტაპისთვის შეზღუდულია“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
ირაკლი ბენდელიანმა მომხდარი ტრაგედიით სპეკულაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენ ხშირად გვინახავს, როდესაც მსგავსი სახის ტრაგედიებით ისინი ყოველთვის ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას.