გამოკითხვის შედეგები იმ პერიოდში გამოქვეყნდა, როდესაც პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის ოფისი ხელისუფლებაში უფლებამოსილებების გადანაწილებაზე დისკუსიების დაწყების შესახებ ალაპარაკდა.
გამოკითხვის მონაცემების მიხედვით, რესპონდენტთა 52 პროცენტს მიაჩნია, რომ პრეზიდენტს უფრო მეტი უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს და პოლონეთში აღმასრულებელი ხელისუფლების მთავარ ძალას წარმოადგენდეს, 38 პროცენტი კი მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრისთვის პრეზიდენტზე აღმატებული უფლებამოსილებების შენარჩუნებას, ხოლო 10 პროცენტს ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია.
ოთხშაბათს, 13 აგვისტოს, „სუპერ ექსპრესმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავროცკის საპრეზიდენტო ოფისი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის პასუხისმგებლობების განაწილებასთან დაკავშირებით დისკუსიების დაწყებას აპირებს. გაზეთმა ასევე გაიხსენა, რომ ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას, ნავროცკიმ ახალი კონსტიტუციის პროექტზე მუშაობის დაწყების გეგმებიც გააჟღერა.
სტრატეგიული კომუნიკაციის ექსპერტი, სერგიუშ ტშეციაკი ასეთი დისკუსიებს დროულად მიიჩნევს.
„როდესაც გყავს არაპოპულარული მთავრობა და ახლახან არჩეული პრეზიდენტი, ამ უკანასკნელის მიმართ ნდობა ყოველთვის უფრო მაღალ ნიშნულზეა“, – ციტირებს „სუპერ ექსპრესი“ ტშეციაკის განცხადებას.
ექსპერტი ვარაუდობს, რომ პოლონეთი, შესაძლოა, მზად იყოს კონსტიტუციური ცვლილებების განსახილველად და გერმანიის მსგავსი კანცლერის ინსტიტუტის ან საპრეზიდენტო სისტემის შემოღებაზე იფიქროს.
„შესაძლოა, ეს ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარების საფუძველი გახდეს“, – განაცხადა ტშეციაკმა.
ამასთან, ის მიიჩნევს, რომ სისტემური რეფორმები კონკრეტული პირებზე არ უნდა იყოს მორგებული ან მათ წინააღმდეგ არ იყოს მიმართული. „ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო მიზანი: ეფექტური მთავრობა, ეფექტურად მოქმედი პარლამენტი და ეფექტურად მოქმედი აღმასრულებელი ხელისუფლება“, – ხაზგასმით აღნიშნა ექსპერტმა.