უკრაინელი სამხედროებისთვის საჭირო არაერთი ნივთი, ასევე ლატვიისა და ნატოს სხვა ქვეყნების არმიებისთვის აუცილებელი საქონელი უკვე ლატვიაში იწარმოება. მზადდება ღამის ხედვის მოწყობილობები, ტანსაცმელი, საკვები, სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება და სხვა პროდუქცია. თავდაცვის ხარჯების ზრდასთან ერთად მატულობს დამატებითი აღჭურვილობის მოთხოვნაც და სულ უფრო ბევრი ლატვიური კომპანია აწარმოებს საქონელს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო დანიშნულებისთვის.
ლატვიის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინდუსტრიების ფედერაცია 150 იურიდიულ პირს აერთიანებს. მეწარმეთა ინტერესს ისიც აჩვენებს, რომ მხოლოდ გასულ წელს ფედერაციას 50 ახალი წევრი შეუერთდა.
„ბიზნესისთვის ეს ზაფხული მართლაც ძალიან ცხელი იყო. თუ ბევრისთვის წვიმიანი აღმოჩნდა, ჩვენთვის განსაკუთრებით ცხელი გამოდგა“, აცხადებს ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე ელინა ეგლე.
კომპანიები სწრაფად იზრდებიან
„ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მხარდაჭერა, რომ წარმოება გავზარდოთ. უკვე რამდენიმე კომპანიამ მიიღო კვლევითი მხარდაჭერის კონტრაქტი. არიან კომპანიებიც, რომლებიც ძალიან აქტიურად მონაწილეობენ ევროპული თავდაცვის ფონდისა და ნატოს პროგრამებში. ინოვაციების დაფინანსებას ცენტრალური ფინანსებისა და კონტრაქტების სააგენტოც გამოყოფს. ეს არის პერიოდი, როდესაც კომპანიები ძალიან სწრაფად ვითარდებიან და ინტენსიურად მუშაობენ როგორც ინოვაციებზე, ისე წარმოების შესაძლებლობების გაზრდაზე“, ამბობს ეგლე.
Global Wolf Motors-ი სტარტაპია რომელიც Mosphera-ს ბრენდის ძლიერ ელექტრო ტაქტიკურ სკუტერებს უშვებს. მათი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაა შესაძლებელი, მათ შორის რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის, სასაზღვრო დაცვასა და პოლიციაში, ხოლო სამოქალაქო სფეროებში სოფლის და სატყეო მეურნეობებში.
კომპანიის გლობალური ბიზნესის განვითარების მენეჯერი ედგარ ვილკსი ამბობს, რომ სკუტერების სერიული წარმოება უკვე დაწყებულია და ისინი წარმატებით გამოიყენება უკრაინაში.
„სადაზვერვო, სნაიპერულ და დრონებთან დაკავშირებულ ოპერაციებისთვის უამრავი ტესტი ჩავატარეთ. მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მოწყობილობა ჩუმია, საკმაოდ სწრაფად მოძრაობს და ერთ დატენვაზე 300 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია, რაც ამ კატეგორიაში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ შედეგად გვეთვლება. მაქსიმალური სიჩქარე საათში 100 კილომეტრს აღწევს და ეს საკმარისია, მაგალითად, სწრაფი შეტევებისთვის. ტვირთამწეობაც საკმაოდ შთამბეჭდავია: თვითონ პლატფორმაზე იტევს 250 კილოგრამს, ხოლო ტრაილერზე დამატებით კიდევ 250 კილოგრამს“, აღნიშნავს ვილკსი.
უკრაინის მხარდაჭერის სურვილით
ვილკსის სიტყვებით, ფედერაციაში გაწევრიანებამ კომპანიას საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის, ახალი ბაზრების მოძიებისა და თანადაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის მოპოვების დიდი შესალებლობა მისცა. თუმცა, მისი თქმით, კომპანიას საგრანტო პროგრამებში მონაწილეობის მიღება აღარ შეუძლია.
„გრანტები უფრო ახალი პროტოტიპების შექმნაზეა გათვლილი. ჩვენ პროდუქტი უკვე შევქმენით და ახლა მისი უფრო ფართო ბაზრებზე გატანა და გაყიდვაა საჭირო. ამ ეტაპზე ვეძებთ დამატებით ფინანსურ რესურსს ზრდისთვის და უფრო სტრატეგიულ ინვესტორს, რომელიც უკვე მუშაობს ამ ბაზარზე“, განმარტავს ვილკსი.
ორშაბათიდან, 18 აგვისტოდან, ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი (LSM) პლატფორმა Ziedot.lv-სთან ერთად ტრადიციულ საქველმოქმედო კამპანიას იწყებს. კამპანიის მიზანი ფრონტზე მყოფი უკრაინელ სამხედროებისთვის ლატვიაში წარმოებული საქონლის გაგზავნის უზრუნველყოფაა.
„თავდაცვის ინდუსტრიაში მამოძრავებელი ძალაა უკრაინის მხარდაჭერაც. ძნელია შეეგუო იმ ვითარებას, რომ შემოდგომა მოდის და ხარკივში ათასობით სახლს ფანჯარა არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები თავად ჩაერთონ საქველმოქმედო ინიციატივებში და ამასთან ერთად იშრომონ და აწარმოონ პროდუქცია როგორც უკრაინის, ისე ლატვიის უსაფრთხოებისთვის“, ამბობს ეგლე.
თითოეული ჩვენთაგანი, ვინც უკრაინის მებრძოლებს ფინანსურად დაეხმარება, ამით ადგილობრივ მწარმოებლებსაც დაუჭერს მხარს. კამპანია ორშაბათს დაიწყო და 3 სექტემბერს დასრულდება.