მაროკოელი აქტივისტი ქალი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს გამო დააკავეს – ლაჩგარს მაისურზე ეწერა „ალაჰი ლესბოსელია“.
მას ასევე დაეკისრა ჯარიმის გადახდა 50,000 დირჰამის (დაახლოებით 4,700 ევრო) ოდენობით
ოთხშაბათს, 3 სექტემბერს, რაბატის პირველი ინსტანციის სასამართლომ ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა მაროკოელ ფემინისტ აქტივისტს, იბტისამ ლაჩგარს, რომელიც ცნობილია როგორც „ბეტი“. მას ბრალი „ისლამურ რელიგიაზე თავდასხმისთვის“ წაუყენეს. ლაჩგარის დანაშაული იმაში გამოიხატებოდა, რომ ფოტოზე, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მაისურზე დატანილი ჰქონდა წარწერა: „ალაჰი ლესბოსელია“.
როგორც ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE იუწყება, ლაჩგარს ასევე დაეკისრა ჯარიმის გადახდა 50,000 დირჰამის (დაახლოებით 4,700 ევრო) ოდენობით.
ბეტიმ, ცოტა ხნის წინ, თავის X-ის (ყოფილი „ტვიტერი“) ანგარიშზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მას ეცვა მაისური წარწერით „Allah (არაბულად) is a lesbian (ინგლისურად). ფოტოს თან ახლდა შეტყობინება, რომელშიც ის ისლამურ რელიგიას „ფაშისტურს“ და „ქალთმოძულეს“ უწოდებდა.
ოთხშაბათს გამართულ სასამართლო მოსმენაზე, პროკურორმა ლაჩგარის დასჯა მოითხოვა სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე, რომელიც ექვსი თვიდან ორ წლამდე პატიმრობას და 200,000 დირჰამამდე (18,900 ევრო) ჯარიმას ითვალისწინებს ნებისმიერი პირისთვის, ვინც „ისლამურ რელიგიას, მონარქიულ რეჟიმს თავს დაესხმება ან სამეფოს ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმის მოწოდებით გამოვა“.
დაცვის მხარე სიტყვის თავისუფლებაზე აპელირებს
ამასობაში, ლაჩგარის დაცვა, რომელიც ხუთი ადვოკატისგან შედგებოდა, აქტივისტის უდანაშაულობაზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ მისი გამოქვეყნებული პოსტი სიტყვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა.
პროკურატურის არგუმენტებამდე, მოსამართლემ ლაჩგარს მოუსმინა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი განზრახვა „რელიგიაზე თავდასხმა“ არ ყოფილა. ბეტიმ დაიცვა თავისი ქმედება, რომელიც, მისი თქმით, საერთაშორისო ფემინისტური მოძრაობისა და მისი ბრძოლის ნაწილს წარმოადგენდა და „სექსისტური და პატერნალისტური იდეოლოგიის“ წინააღმდეგ იყო მიმართული.
მან მოსამართლეს ასევე განუცხადა, რომ მისი პუბლიკაციის შემდეგ, სიკვდილის მუქარები მიიღო. ლაჩგარი, რომელიც ინდივიდუალური თავისუფლების ალტერნატიული მოძრაობის (MALI) თანადამფუძნებელია, 10 აგვისტოს კასაბლანკაში დააკავეს და რაბატის ციხეში გადაიყვანეს.
MALI-ის თანადამფუძნებლობის გარდა, ის თავს ფემინისტად და ათეისტად მიიჩნევს და ბოლო წლებში აფრიკულ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პერსონად იქცა.
მის ქმედებებს შორის აღსანიშნავია: სექსუალური მრავალფეროვნების დასაცავად 2013 წელს მასობრივი კოცნისკენ მოწოდება, რომელიც შეტაკებებით დასრულდა; რაბატის ქუჩებისთვის ქალების სახელების სიმბოლური დარქმევა და მამაკაცების მიერ ჩადენილი ძალადობის პროტესტის ნიშნად, საზოგადოებრივ ადგილებში შადრევნების წყლის წითლად შეღებვა.