კიევის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომელმაც უკრაინის ისტორიაში პირველად აღიარა ორ კაცს შორის ქორწინების ფაქტი.
ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია Insight-ი იუწყება.
დიპლომატ ზორიან კისისა და მისი პარტნიორის, ტიმურ ლევჩუკის, საქმეზე სააპელაციო მოსმენა 10 სექტემბერს გაიმართა. კიევის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რითაც აღიარა, რომ ზემოთ დასახელებული ორი მამაკაცი ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფება. ეს უკრაინისთვის პრეცედენტული გადაწყვეტილებაა, რადგან ერთნაირსქესიან წყვილს შორის ოჯახური ურთიერთობა ოფიციალურად პირველად დადგინდა.
უკრაინაში ოფიციალური ქორწინება მხოლოდ კაცსა და ქალს შორისაა შესაძლებელი, მაგრამ ჰეტეროსექსუალური წყვილებისთვის კანონით აღიარებული სხვა ფორმაც არსებობს („ფაქტობრივი ქორწინება“), როდესაც ადამიანები ოჯახივით ერთად ცხოვრობენ, თუმცა ოფიციალურად დაქორწინებულები არ არიან. ეს მათ ნაწილობრივ სამართლებრივ აღიარებასა და დაცვას ანიჭებს. ერთნაირსქესიან წყვილებს კი ასეთი ალტერნატივა არ ჰქონდათ: მათ არც ქორწინების რეგისტრაცია შეეძლოთ და არც ოჯახური ურთიერთობის ფაქტის სასამართლოში დამტკიცება. ამიტომ, ისინი სამართლებრივი დაცვის მიღმა რჩებოდნენ.
გამოცემა Hromadske-ს ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ ზორიან კისი და ტიმურ ლევჩუკი ნამდვილად ოჯახივით ცხოვრობენ: მათ აქვთ საერთო საცხოვრებელი და საოჯახო მეურნეობა, იზიარებენ პასუხისმგებლობებსა და ხარჯებს და ზრუნავენ ერთმანეთზე.
მოსმენის დროს, აქტივისტები სასამართლოს შენობის წინ მივიდნენ ლოზუნგებით: „ჩემი ოჯახი არსებობს, მაგრამ სახელმწიფო მას არ აღიარებს“, „ოჯახი სტერეოტიპებზე მაღლა დგას“, „ლგბტქ+ ადამიანები თქვენ უფლებებს არ გართმევენ, მათ, უბრალოდ, თქვენნაირი უფლებები სურთ“.
„ვულოცავთ ზორიანსა და ტიმურს! ამ გადაწყვეტილებას ყველა ჩვენგანს ვულოცავთ. წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, მაგრამ დღეს ჩვენ უფრო ახლოს ვართ თანასწორობასთან. გავაგრძელებთ მუშაობას, რათა უკრაინაში ყველა ოჯახმა, მისი შემადგენლობის მიუხედავად, სათანადო დაცვა და აღიარება მიიღოს, რადგან სიყვარული ცრურწმენებზე ძლიერია. თანასწორობა გარდაუვალია,“ – წერს Insight-ი.
რა უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილებას
უკრაინელი დიპლომატი ზორიან კისი საზღვარგარეთ მუშაობდა და სურდა, თავისთან ოფიციალურად წაეყვანა თავისი პარტნიორი, ტიმურ ლევჩუკი. მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლევჩუკისთვის დიპლომატიური პასპორტის გაცემაზე უარი თქვა, რადგან უკრაინის კანონმდებლობით, ის ოჯახის წევრად არ იყო აღიარებული.
კისმა განმარტა, რომ ის ლევჩუკთან 2013 წლიდან ცხოვრობს. 2017 წელს მათ სამოქალაქო ქორწინების ცერემონია გამართეს, ხოლო 2021 წელს ონლაინ დაქორწინდნენ ამერიკის ქალაქ პროვოში (იუტას შტატი).
ივლისში, კიევის დესნიანსკის რაიონულმა სასამართლომ ორ მამაკაცს შორის ფაქტობრივი ქორწინების არსებობა დაადგინა. ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ყველა ერთად!“.
„ეს გადაწყვეტილება პირდაპირ და სიტყვა-სიტყვით ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციისა და უკრაინის საოჯახო კოდექსის დებულებებს. ამიტომ, ის სასწრაფოდ უნდა გაასაჩივროს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ან უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ. ეს ამ სახელმწიფო უწყებების პირდაპირი მოვალეობაა“, – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რუსლან კუხარჩუკმა.
ზორიან კისი უფლებადამცველი და დიპლომატია, რომელიც 2024 წლიდან ისრაელის სახელმწიფოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივნის თანამდებობას იკავებს. უფრო ადრე, მამამისმა, მეცნიერმა რომან კისმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან (Suspilne) შვილის ჰომოსექსუალობის მიღების შესახებ ისაუბრა.
გასულ კვირას, უკრაინის კათოლიკურ უნივერსიტეტში სტუდენტს, „ინსტაგრამზე“ ლგბტ ემოჯების გამო, კოლეჯში ჩარიცხვაზე უარი უთხრეს.