ექსტრადიციაზე უარის შემთხვევაში, ლიბანელი გამომძიებელი მზად არის, ძებნილი გრეჩუშკინი ბულგარეთში დაკითხოს.
იგორ გრეჩუშკინი, რომელზეც, ლიბანის მოთხოვნით, ინტერპოლის „წითელი ცირკულარი“ იყო გამოცემული, ბულგარეთის დედაქალაქის აეროპორტში დააკავეს. ის ამონიუმის ნიტრატით დატვირთული იმ გემის რუსი მფლობელია, რომელიც ბეირუთის პორტში მომხდარი უზარმაზარი აფეთქების საქმეში ფიგურირებს. ამ აფეთქებას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და 6 000-ზე მეტი დაშავდა. ლიბანი ბულგარეთიდან მის ექსტრადიციას მოითხოვს.
იგორ გრეჩუშკინი სოფიის აეროპორტში 5 სექტემბერს კვიპროსის ქალაქ პაფოსიდან ჩამოფრინდა.
სოფიის ვასილ ლევსკის აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის უფროსი, ზდრავკო სამუილოვი: „დაახლოებით 13:00 საათზე, ამ რეისით ჩამოსული მგზავრების სასაზღვრო შემოწმებისას, მოხდა კვიპროსის 48 წლის მოქალაქის იდენტიფიცირება, რომლის შესახებაც, მონაცემთა ბაზაში მოძიებისას, აღმოჩნდა ინტერპოლის შეტყობინება, რომ ეს პირი „წითელი ცირკულარით“ იძებნებოდა“.
მესაზღვრეებმა გრეჩუშკინს აცნობეს, რომ მასზე, ლიბანის მოთხოვნით, ძებნა იყო გამოცხადებული და უნდა დაეკავებინათ.
ზდრავკო სამუილოვი: „სანამ დაკავების ადმინისტრაციულ პროცედურებზე გადავიდოდით, ის დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა ადვოკატთან გასაუბრებას. ამ გასაუბრების შემდეგ, ის ჩვენს ქმედებებს მთლიანად დაეთანხმა.“
ძებნის ორდერი იგორ გრეჩუშკინზე, რომელსაც რუსეთისა და კვიპროსის მოქალაქეობა აქვს, ლიბანელმა მოსამართლე-გამომძიებელმა ჯერ კიდევ 2020 წელს გასცა. მიიჩნევა, რომ ის არის ამონიუმის ნიტრატით დატვირთული გემის რუსი მფლობელი, რომლის გადმოტვირთვისას, 2020 წლის 4 აგვისტოს, ბეირუთის პორტში გამანადგურებელი აფეთქება მოხდა. მაშინ 210-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 6 000-ზე მეტი დაშავდა, ხოლო ლიბანის დედაქალაქის უზარმაზარი ტერიტორია განადგურდა. გრეჩუშკინმა განაცხადა, რომ ის ბულგარეთში ტურისტული მოგზაურობის მიზნით ჩამოვიდა.
მისი ბარგის შემოწმებამ საეჭვო ვერაფერი გამოავლინა. სოფიის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკამყოფილა და იგორ გრეჩუშკინის 40 დღემდე ვადით დროებითი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. მოსალოდნელია, რომ ლიბანი ბულგარეთს მისი ექსტრადიციის მოთხოვნის დოკუმენტებს გადასცემს, რის შემდეგაც სასამართლო იმსჯელებს, არსებობს თუ არა ბეირუთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის გრეჩუშკინის გადაცემის საფუძველი. ჩვენი წყაროების თანახმად, ექსტრადიციაზე უარის შემთხვევაში, ლიბანელი მოსამართლე-გამომძიებელი მზად არის, გრეჩუშკინი ბულგარეთში დაკითხოს. აფეთქებასთან დაკავშირებით, ლიბანმა საერთაშორისო ძებნა გემის კაპიტანზე, ბორის პროკოშევზეც გამოაცხადა, რომელიც ასევე რუსეთის მოქალაქეა. „პროკოშევს ბულგარეთის ტერიტორია არ გადმოუკვეთავს“, – აცხადებენ ჩვენი წყაროები შესაბამისი სამსახურებიდან.