18 სექტემბერს მოლდოველები დაძაბულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ქვეყნის პრეზიდენტმა ამ არჩევნებს ქვეყნის ისტორიაში „ყველაზე მნიშვნელოვანი“ უწოდა, რადგან მოლდოვა მის მძლავრ მეზობელს, რუსეთსა და დასავლეთს შორის მერყეობს. უკრაინასა და ევროკავშირის წევრ რუმინეთს შუა მოქცეულ მოლდოვაში დიდი ხანია გაყოფილია აზრი ბრიუსელთან მჭიდრო კავშირების დამყარებასა და მოსკოვთან საბჭოთა ეპოქის დროინდელი ურთიერთობების შენარჩუნებას შორის. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების უმეტესობაში, ამ დროისთვის, პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპული პარტია ლიდერობს, რომელიც ხელისუფლებაში 2021 წლიდანაა. სანდუ კრემლს, საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მიზნით, ასობით მილიონი ევროს ოდენობის „ბინძური ფულის“ დახარჯვაში ადანაშაულებს. ანალიტიკოსები ფრთხილობენ და აღნიშნავენ, რომ საარჩევნო რბოლის საბოლოო შედეგი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანის 2.4-მილიონიან მოსახლეობაში სულ უფრო იზრდება იმედგაცრუება ეკონომიკური სიდუხჭირისა და რეფორმების შეუსრულებელი დაპირებების გამო. ასევე სკეპტიციზმს იწვევს სანდუს მცდელობა, მოიპოვოს ევროკავშირის წევრობა. ეს მცდელობა მოლდოვის პერზიდენტმა 2022 წელს უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ წამოიწყო. „ჩემი აზრით, ევროკავშირი აქ ზედმეტად აქტიურობს. მათი წარმომადგენლების ამდენი ვიზიტი ჩემთვის ზედმეტ ჩარევას ნიშნავს“, – განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“ 50 წელს გადაცილებულმა ამომრჩეველმა, ელენა პოპუსოიმ. მისი აზრით, „რუსეთთან მეგობრობა“ უკეთესია. 28 სექტემბრის არჩევნებში სანდუს მმართველი პარტიის, „მოქმედება და სოლიდარობის“ (PAS) დამარცხებამ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, შესაძლოა, დაბრკოლებები შექმნას.
„ბრძოლა ბოლო მომენტამდე გაგრძელდება“, – ამბობს დედაქალაქ კიშინიოვში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, WatchDog.md-ის ანალიტიკოსი, ვალერიუ ფაშა.
„ამომრჩევლის მოსყიდვა“
არჩევნების წინ PAS-ის ლიდერებმა ამომრჩევლებს მოუწოდეს, დაძლიონ „წყენა და ეჭვები“, რათა თავიდან აიცილონ რისკი, რომ ახალგაზრდა მამაკაცები „პუტინის სისხლიან, კრიმინალურ ომებში საზარბაზნე ხორცად“ არ იქცნენ. სანდუ ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი მთავრობა „ევროკავშირზე ჰიბრიდული თავდასხმების პლაცდარმად“ იქნება გამოყენებული. თავის მხრივ, ოპოზიცია, რომელსაც პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“ ხელმძღვანელობს, ამტკიცებს, რომ რუსეთთან კავშირების გაწყვეტამ ქვეყნის ეკონომიკა შეანელა. ის მოლდოველებს იაფ გაზს, მაღალ პენსიებსა და ეროვნულ ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების აკრძალვას ჰპირდება.
„ბოლო ოთხ წელს ნორმალურს ვერ ვუწოდებთ“, – ამბობს კიშინიოვის მერი, იონ ჩებანი, რომელიც ოპოზიციური ბლოკის, „ალტერნატივის“ წარმომადგენელია. მისივე თქმით, ირგვლივ „შიში, სიძულვილი და დაპირისპირება“ დომინირებს. არჩევნების წინა პერიოდში პროკურორები თითქმის ყოველდღიურად ატარებდნენ ჩხრეკებს, რომლებიც „ამომრჩეველთა მოსყიდვასა და პოლიტიკური პარტიების უკანონო დაფინანსებას“ უკავშირდება. მათ გამოაქვეყნეს კონფისკებული დოლარებისა და ევროს დასტების ამსახველი ფოტოები და აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, სამართალდამცავების თქმით, ადამიანები მოსკოვიდან მიღებულ ფულზე საუბრობენ. გარდა ამისა, თაღლითობისთვის ნასამართლევი და გაქცეული ოლიგარქის, ილან შორის მიერ კონტროლირებად პრორუსულ ბლოკს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.
შორი 3000 დოლარს დაჰპირდა იმ მოლდოველებს, ვინც მმართველი პარტიის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვა. მან სანდუს პარტია „პოლიტიკურ ტერორიზმში“ დაადანაშაულა. კიშინიოვის ციხესთან თითქმის ყოველდღე ათობით ადამიანი იკრიბება და იმ პირების გათავისუფლებას ითხოვს, რომლებსაც ისინი „პოლიტპატიმრებად“ მიიჩნევენ. მათ შორის არის პრორუსი გუბერნატორი, რომელიც შორის პარტიის უკანონო დაფინანსებისთვის დააპატიმრეს.
არასტაბილურობის რისკი
ანალიტიკოსების შეფასებით, 28 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გადამწყვეტი იქნება ამომრჩეველთა აქტივობა, განსაკუთრებით – დიდ და გავლენიან დიასპორაში, რომელიც PAS-ის მხარდამჭერია, და სეპარატისტულ დნესტრისპირეთში, რომელიც პრორუსულადაა განწყობილი. პარლამენტის 101 მანდატისთვის 23-მდე პოლიტიკური პარტია და დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძვის. თუ PAS-ი გაიმარჯვებს, მაგრამ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, შესაძლოა, მას კოალიციის შექმნა მოუწიოს ისეთ პარტიასთან, რომელიც შეიძლება „ტროას ცხენად“ იქცეს და ევროპულ ინტეგრაციას მთავრობის შიგნიდან საბოტაჟი მოუწყოს. ანალიტიკოსი ფაშა ვარაუდობს, რომ არჩევნების შემდგომი ნებისმიერი პოლიტიკური არასტაბილურობა „საკმაოდ ხელსაყრელი იქნება რუსული ინტერესებისთვის“.
მაგრამ დედაქალაქში მცხოვრები მრავალი მოლდოველისთვის დასავლეთ ევროპასთან მჭიდრო კავშირების დამყარების თაობაზე შემოთავაზებული შესაძლებლობა მიმზიდველია. „მე მინდა უკეთესი მომავალი, სწავლის საზღვარგარეთ დასრულება და ისეთ მოლდოვაში დაბრუნება, რომელიც მომეწონება“, – განუცხადა „ფრანს პრესს“ 21 წლის ლივია მელნოკმა კიშინიოვში.
https://www.afp.com/en/agency/our-commitments/afp-charters