ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა მოლდოველ და ბოსნია-ჰერცეგოვინელ პოლიტიკოსებს, „სახელმწიფო სუვერენიტეტის შელახვისა და სეპარატიზმის წაქეზებისთვის“, სანქციებს უწესებს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 25 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები დაუწესდათ მოლდოველ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ირინა ვლახსა და ბოსნიელ სერბ პოლიტიკოს მილორად დოდიკს.
„ახალი სანქცია შესვლის აკრძალვას უწესებს იმ პირებს, რომელთა მიმართაც არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს არღვევდნენ“, -აღნიშნა ცაჰკნამ.
ირინა ვლახი მოლდოვის ოპოზიციური პარტია „მოლდოვის გულის“ თავმჯდომარეა და 2015-დან 2023 წლამდე გაგაუზიის ავტონომიური ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელი იყო. ის 2024 წლის არჩევნებში მოლდოვის პრეზიდენტობის პოსტზე იყრიდა კენჭს. პირველ ტურში ვლახმა ხმების 5,38 პროცენტი მიიღო და შემდეგ ტურში ვერ გადავიდა. 2005-დან 2015 წლამდე, ის მოლდოვის პარლამენტის წევრი იყო.
25 სექტემბერს, ვლახს, 5 წლის ვადით, პოლონეთში შესვლაც აეკრძალა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამის მიზეზია ის, რომ ვლახი რუსეთს მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში დაეხმარა.
მილორად დოდიკი კი ბოსნიელი სერბი პოლიტიკოსია, რომელიც 2022-დან 2025 წლამდე სერბთა რესპუბლიკის მერვე პრეზიდენტი იყო. მას იგივე თანამდებობა 2010-დან 2018 წლამდეც ეკავა.
აგვისტოში, დოდიკს სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის მანდატი მას შემდეგ ჩამოერთვა, რაც ის ბოსნია-ჰერცეგოვინაში საერთაშორისო თანამეგობრობის უმაღლესი წარმომადგენლის გადაწყვეტილებების უპატივცემულობაში ცნეს დამნაშავედ. ბოსნია-ჰერცეგოვინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სერბთა რესპუბლიკაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 23 ნოემბერს დანიშნა. თუმცა, არც დოდიკი და არც მისი პოლიტიკური მოკავშირეები ცესკო-ს გადაწყვეტილებას არ აღიარებენ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები ასევე შეიძლება დაუწესდეთ პირებს, რომლებიც აქეზებენ სეპარატიზმს, ძირს უთხრიან სახელმწიფოების სუვერენიტეტს, ან ჩაიდინეს სერიოზული ფინანსური დანაშაული (კორუფციის ჩათვლით), ან დანაშაული, რომელიც ფულის გათეთრების ნიშნებს შეიცავს.