გვარამია-მელიას კოალიცია 4 ოქტომბრის არჩევნების არაღიარებისთვის ემზადება. არჩევნების ბოიკოტში მყოფ პარტიაში “კურიერს” წყარო უყვება, რომ ხვალ “კოალიცია ცვლილებისთვის” და პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ლემონჯავა, ბრიფინგს გამართავს სადაც კონკრეტულ გეგმას გააჟღერებს თუ როგორ უნდა მოხდეს თვითმმართველობის არჩევნების შედეგების არაღიარება, ასევე პარტია მოქალაქეებზე გასცემს დაპირებას, რომ ისინი არჩევნების შედეგებს გააუქმებენ.
ამავე ბრიფინგზე, წყაროს ინფორმაციით, დაგეგმილია მოწოდება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ მათაც ლეგიტიმურად არ აღიარონ მუნიციპალური არჩევნების შედეგები.
“კურიერის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაგეგმილია ამ განცხადების მაქსიმალური გავრცელება.
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ რურუა აცხადებს, რომ ქართველი ხალხი ბრძენია და ოპოზიციის მორიგ ტყუილს არ აჰყვება.
“ასეთი პროვოკაციები მათ ხშირად გაუკეთებიათ და წინა არჩევნებზეც გვინახავს. შინაგანად აქვთ, რომ რაღაც დესტაბილიზაცია უნდა შემოიტანონ, ხან არჩევნების არ აღიარებას მიმართავენ და ხან ბოიკოტს. ესეც არის მორიგი უსუსური ნაბიჯი, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თუმცა მე დარწმუნებული ვარ რომ ქართველი ხალხი არის ბრძენი და მათ მორიგ ტყუილს არ აჰყვება,”- აცხადებს რურუა.