ბათუმში მცხოვრები წყვილი, გალიფ და ქრისტინა ოზთურქები, რამდენიმე თვის შემდეგ ისევ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ამჯერად ვრცელი სტატია Mirror-მა მიუძღვნა, სათაურით: “27 წლის დედა, რომელსაც 22 შვილი ჰყავს მკვლელობისთვის მსჯავრდადებულ კრიმინალ ქმართან ერთად, შოკისმომგვრელ დაპირებას დებს”.
ქრისტინა ოზთურქი 2021 წელს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საჯაროდ განაცხადა, რომ მეუღლესთან, გალიფთან ერთად 22 შვილი სუროგაციის გზით შეეძინა. (გალიფი ნასამართლევია: მას თურქეთში მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი და ბათუმში მიმალვაში იმყოფებოდა).
ინფლუენსერმა, რომელმაც მილიონერ კრიმინალ ქმართან ერთად 22 შვილის ყოლის ამბის შემდეგ ონლაინ ათასობით გამომწერი მოიპოვა, სოციალურ მედიასთან დიდი ხნის დუმილის შემდეგ დაბრუნებისთანავე, შოკისმომგვრელი ახალი დაპირება დადო. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს უკვე 22 შვილი ჰყავს, ის კვლავ აპირებს შვილების რაოდენობის გაზრდას სუროგაციის გზით, რათა მიაღწიონ მათ მიერ ნახსენებ მიზანს, 100-ზე მეტი ბავშვი ჰყავდეთ.
ოჯახი და შვილების რაოდენობა
27 წლის ქრისტინა ოზთურქს შვილები ჰყავს ბიზნესმენ გალიფ ოზთურქთან ერთად, რომელიც ივლისში გაათავისუფლეს პატიმრობიდან. ის სასჯელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებებისთვის იხდიდა.
2020 წლის მარტიდან 2021 წლის ივლისამდე წყვილმა სუროგატების მომსახურებისთვის 180,000 დოლარი გადაიხადა. ამ ამბავში შოკისმომგვრელია ის ფაქტიც, რომ 22 ბავშვიდან 20 თითქმის ერთ წელში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ 22 შვილი უკვე ბევრია, ქრისტინა და გალიფი საერთო ჯამში 100-ზე მეტი ბავშვის ყოლაზეც კი საუბრობდნენ. თუმცა ამაში ხელი ოზთურქის დაჭერამ შეუშალათ.
ახლა ქრისტინამ პირობა დადო, რომ მეუღლესთან ერთად კიდევ მეტი შვილი ეყოლება. წყვილმა გადაწყვიტა, რომ სუროგაციის დაწყებამდე ბავშვებს ცოტა გაზრდიან.
გალიფ ოზთურქის კრიმინალური ისტორია და გათავისუფლება
გალიფ ოზთურქს სტამბოლში სამუდამო პატიმრობა 1996 წელს მიესაჯა, თანამშრომლის მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით. 2018 წელს, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, ის თურქეთიდან გაიქცა, რათა საქართველოში ახალი ცხოვრება დაეწყო.
გალიფი არის Metro Tourism-ის დამფუძნებელია, რომელიც თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საქალაქთაშორისო სამგზავრო გადამყვანი კომპანიაა.
ზაფხულში ქრისტინამ ქმრის გათავისუფლება Instagram-ზე გამოქვეყნებული პოსტით აღნიშნა. “მიზანი მიღწეულია“ – წერდა ის. გათავისუფლების აღსანიშნავად, მან ბათუმში მდიდრული წვეულება მოაწყო – ქალაქში, სადაც 32 წლით უმცროსი ქრისტინა და გალიფი ერთმანეთს შეხვდნენ და შეუყვარდათ.
თურქული მედიის ინფორმაციით, Metro Tourism-ის დამფუძნებელი ციხიდან პრობაციით გაათავისუფლეს.