ოპოზიცია რეგიონებში პასიური იყო, თბილისში მეტ-ნაკლებად ვხედავდით აქტივობას, თუმცა, ისევე, როგორც შარშან, ამჯობინეს სტუდიებიდან საარჩევნო კამპანიის წარმოება და არა მოქალაქეებთან უშუალოდ მისვლა და შეხვედრა, – ამის შესახებ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების” გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.
მისი თქმით, წინასაარჩევნო გარემო მეტწილად მშვიდი იყო და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა.
“წინასაარჩევნო გარემომ, პრინციპში, ჩვენ თვალწინ ჩაიარა და მეტწილად იყო მშვიდ ვითარებაში. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია შესაბამისად, ჰქონოდა კომუნიკაცია მოქალაქეებთან და გაეცნოთ საკუთარი გეგმები. ვნახეთ, რომ ტრადიციულად, ოპოზიციამ არ ისარგებლა იმ შესაძლებლობით, რომ რეგიონში ჰქონოდა აქტიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან. “ქართულ ოცნებას” ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა ადგილზე, სოფელ-სოფელ, ყველა ქალაქში, ყველა უბანში, ყველა ოჯახში. ჩვენი კანდიდატები, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ეკონტაქტებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაეცნოთ ჩვენი გეგმები, მოესმინათ მოქალაქეების მოსაზრებები და ჩვენი საერთო დაკვირვება არის, მათ შორის, ადგილზე, ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, რომ ოპოზიცია რეგიონებში პასიური იყო, თბილისში მეტ-ნაკლებად ვხედავდით აქტივობას, თუმცა, ისევე, როგორც შარშან, ამჯობინეს სტუდიებიდან საარჩევნო კამპანიის წარმოება და არა მოქალაქეებთან უშუალოდ მისვლა და შეხვედრა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.