საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მისი თქმით ხმა ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას მისცა.
ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
„დღეს, როგორც არასდროს არჩევანი არის ძალიან მარტივი. არჩევანი არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სოფლების, ჩვენი ქალაქების მშვიდობიან, სტაბილურ განგრძობად განვითარებას და იმ დესტრუქციას და აგენტურულ საქმიანობას შორის, რომელსაც ვხედავთ ბოლო წლებია განსაკუთრებით. როგორც ქვეყნის შიგნით იმ ე.წ. ოპოზიციური პარტიებისგან და „კოლექტიური ნაცმოძრაობისგან“ და ქვეყნის გარედან იმ ღიად ნიღაბ ჩამოხსნილი მათი პატრონებისგან, რომელიც აქ გვიგზავნის იმ დესტრუქციულ სცენარებს, რომელსაც აქ ეს ჩვენი უსამშობლოთა გაერთიანება ყურმოჭრილად და ვასალურად ასრულებს.
მე მოვუწოდებ და ვთხოვ ჩვენს საზოგადოებას, რომ დაუთმონ მაქსიმუმ ერთი საათი და გასცენ მეათედ და საიუბილეოდ ის ღირსეული, ქართული პასუხი აგენტურას ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, რომელიც უქადის ჩვენს ქვეყანას პროქსი სახელმწიფოდ ქცევას და აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს გახვეული იმ უბედურებაში, რასაც ვხედავთ ჩვენ თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში.
დღევანდელი დღე იქნება საბოლოო პასუხი იმ აგენტურული ქსელისთვის, რომელიც მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. მეათედ და საიუბილეოდ, დარწმუნებული ვარ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ქართველები გასცემენ ღირსეულ პასუხს იმ ხალხს, რომელიც არაფერს კარგს არ უქადის ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ოთხი წლის ვადით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს აირჩევენ.
საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.
4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.