ესტონეთის საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული ავიაგამანადგურებლების ჩამოგდება სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა, რომელსაც ბევრი მოკავშირე, სავარაუდოდ, გაგებით არ შეხვდებოდა. ეს განცხადება ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ანდრუს მერილომ ესტონეთის ტელე-რადიო მაუწყებლის (ERR) ეთერში გააკეთა.
19 სექტემბერს, შუაღამის 12 საათზე, სამმა რუსულმა „მიგ-31“ ტიპის ავიაგამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამ ინციდენტის გამო, ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საკითხზე, ოფიციალური ტალინის თხოვნით, ალიანსის წევრებს შორის კონსულტაციები გაიმართა.
მერილო მიიჩნევს, რომ მომავალში ასეთი ინციდენტების მოგვარება შექმნილ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. მისი თქმით, ორი კვირის წინ რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების საჭიროება არ არსებობდა.
„მე მჯერა, რომ მათი ჩამოგდება სტრატეგიული შეცდომა და ჩვენთვის ბევრად წამგებიანი იქნებოდა, ასეთი ნაბიჯისგან თავის შეკავებით და ინციდენტის მოგვარებით კი დიპლომატიურ გამარჯვებას მივაღწიეთ. უფრო მეტიც – ჩვენი ბევრი მოკავშირე, სავარაუდოდ, გაგებით არ შეხვდებოდა ასეთ ნაბიჯს. რუსეთმა კარგად იცის, რომ ჩვენი პროვოცირება აზრს მოკლებულია, რადგან თუ ისინი ზღვარს გადაკვეთენ და ჩვენ იძულებული გავხდებით, ძალა გამოვიყენოთ, ამ შემთხვევაში, ნატო გადაჭრით იმოქმედებს“, – აღნიშნა მან, ERR-ის ეთერში გამოსვლისას.


ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა კუნძულ ვაინდლოოს მიმდებარედ, ფინეთის ყურეში მოხდა. რუსული თვითმფრინავების შემოჭრა ფინეთის, შვედეთისა და იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შეაჩერეს. იტალიის თვითმფრინავები ესტონეთში ბალტიისპირეთის საჰაერო დაცვის ნატო-ს მისიის ფარგლებში არიან განთავსებულნი.
მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ზოგიერთმა ექსპერტმა ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას უწოდა „რუსეთის მცდელობა, ნატო-ს რეაქცია გამოეცადა“, მერილო ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
„რუსეთი ჩვენ ისევე გვიყურებს, როგორც ჩვენ მათ – ვცდილობთ, გავიგოთ, რას და როგორ აკეთებენ მეორე მხარე. ამიტომ, ორივე მუდმივად ვაფასებთ ერთმანეთის შესაძლებლობებს. მათ ჩვენი ტესტირების საჭიროება არ აქვთ და ამ შემთხვევაში, უფრო იმის თქმა შეიძლება, რომ ეს იყო ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, რათა მომხდარს ჩვენთან ფართო რეზონანსი გამოეწვია და, ამავდროულად, შეექმნა პირობები მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უკრაინაში, სადაც მოსკოვს ცუდად მისდის საქმე“, – ამბობს ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური.
მან უარყო რუსეთის განმარტება, თითქოს, დარღვევა სანავიგაციო შეცდომამ გამოიწვია. ესტონელი გენერალ-ლეიტენანტის თქმით, რუსული ავიაგამანადგურებლები ესტონეთის საჰაერო სივრცეში ძალიან დიდხანს დაფრინავდნენ იმისთვის, რომ ეს შეცდომად იყოს მიჩნეული.
ლეტალური ძალის გამოყენებისთვის ესტონეთი მზად არის
მერილომ რუსეთის ქმედებებს უგუნური და უკიდურესად სახიფათო უწოდა და თქვა: „ესკალაციის შესაძლებლობით თამაში, განსაკუთრებით უნებლიე ესკალაციით, სრულიად უპასუხისმგებლოა. ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ლეტალური ძალა ჩვენი ხალხის დასაცავად“.
„ჩვენთვის ცნობილია, რა ტიპის იარაღით იყვნენ აღჭურვილნი რუსული ავიაგამანადგურებლები. ასეთი იარაღი სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად არ გამოიყენება“, – აღნიშნა მერილომ.

„უფრო მეტიც – თანამედროვე იარაღის სისტემები იმდენად მძლავრია, რომ თვითმფრინავებს, ესტონეთში სამიზნეების გასანადგურებლად, რუსეთის საჰაერო სივრცის დატოვება არც კი სჭირდებათ. ამიტომ, კიდევ რამდენიმე ნაბიჯი იყო საჭირო, რომ ისინი [რუსული ავიაგამანადგურებლები] უშუალო საფრთხედ მიგვეჩნია. იმ მომენტში ასე არ მომხდარა და ასეთი ნაბიჯები არ გადადგმულა, რის გამოც, ავიაგამანადგურებლები არ ჩამოვაგდეთ“, – განმარტა მან.
„ძალის გამოყენება რომ გამხდარიყო საჭირო, გადაწყვეტილება ნატო-ს უნდა მიეღო. არც ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურს და არც რომელიმე ესტონელ პოლიტიკოსს ამის უფლება არ აქვს“, – დასძინა მერილომ.
საერთო შეფასება უცვლელია
ესტონელი სარდლის თქმით, ამ დარღვევების შედეგად, ქვეყნის საერთო საფრთხის შეფასება არ შეცვლილა და სამხედრო თავდასხმის კლასიკური რისკი არ გაზრდილა.
„რადგან რუსეთი კვლავ უკრაინაშია ჩარჩენილი და მისი მთავარი ძალები იქ არის კონცენტრირებული, მას არ გააჩნია შესაძლებლობა, დაიწყოს მეორე სამხედრო ოპერაცია სხვა მიმართულებით, მით უფრო – ნატოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა მან.
„ამიტომ, შიშის საფუძველი არ არსებობს; ჩვენ ვემზადებით და ვცდილობთ გავიგოთ, რა შეიძლება მოხდეს მომავალში, რათა ამის აღკვეთა შევძლოთ“, – დასძინა მერილომ.
