„ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ საკუთარი არჩევანი რუსთავის #1 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
რუსთავის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად მივიდა.
,,ხმა მივეცი ჩემი ქალაქის განვითარების გაგრძელებას და ამ ყველაფრით, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. საარჩევნო კამპანიას რაც შეეხება, ძალიან საქმიან მშვიდ გარემოში ჩავატარეთ მთელმა გუნდმა. რუსთავში, ალბათ, არ არის ეზო, სადაც ჩვენ შეხვედრა არ გავმართეთ, არ ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რომელთა განხორციელებასაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რუსთაველებთან ერთად ვაპირებთ. დარწმუნებული ვარ, რომ უკვე დღევანდელი შედეგიც მოგვცემს შესაძლებლობას, ძალიან მალე გავაგრძელოთ ყველა იმ პროექტზე მუშაობა, რაც ხალხთან ერთად გვაქვს დაგეგმილი“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავში თვითმმართველობის არჩევნები დილიდან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
რუსთავში 106 654 ამომრჩეველი და 58 საარჩევნო უბანია, სამი კი – #59, #60 და #61 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნები პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.