დღევანდელი დღე შეიძლება შევაჯამოთ იმ სასიამოვნო ფაქტის კონსტანტირებით, რომ ადგილობრივი არჩევნები შედგა, – განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „დღის ქრონიკასთან“.
მისი თქმით, ცესკოს ბოლო მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი კითხვა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით მოხსნილია.
„ჩემი აზრით, გამარჯვებული უკვე ცნობილია, ამაზე მოწმობდა როგორც თქვენი ტელევიზიის მიერ დაკვეთილი გორბის გამოკითხვა, ასევე ოპოზიციის მიერ დაკვეთილი გამოკითხვა და ამაზე საზოგადოების განწყობაც მოწმობდა. ამ არჩევნებით სრულდება საარჩევნო ციკლი (2028 წლამდე არჩევნები აღარ იქნება) შესაბამისად, ქართული ოცნება, რომელიც დიდი ალბათობით მოიგებს არჩევნებს, მოახდენს ხელისუფლების კონსოლიდაციას. ეს არის ის ფაქტი, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიოს ყველამ როგორც აქ, ისე ქვეყნის გარეთაც.
მე მოვისმინე რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლის მოსაზრებები, და მათ ცალსახად დააფიქსირეს, რომ არავითარი სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა. ოპოზიცია ცდილობს თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით მოახდინოს არჩევნების დისკრედიტაცია, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ ცვლის.
ამომრჩევლის აქტიურობა ვფიქრობ განაპირობა იმან, რომ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, ჩვენი ამომრჩეველი გაიზარდა, მომწიფდა, მან ისწავლა კრიტიკული აზროვნება, შესაბამისად, ამომრჩევლის უმრავლესობა არ აჰყვა ამ რადიკალურ მოწოდებას, რომ არ წასულიყვნენ არჩევნებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენმა ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა სტაბილურობისთვის. მას არ სურს გადაეშვას გაურკვევლობაში და არ სურს, რომ ქვეყანაში დაირღვეს სტაბილურობა და მშვიდობა. ამომრჩეველმა სწორედ ამას მისცა ხმა საპარლამენტო არჩევნებშიც“, – აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.